ქართველი ბენზემა რომაში - მიქაუტაძე რანიერის სურს
რამდენიმე კვირის წინ პიერ საჟმა აღნიშნა, რომ მინიმუმ სეზონის ბოლომდე გიორგი მიქაუტაძე არსად არ წავიდოდა და შესაბამისად, ქართველი ფორვარდის გარშემო აგორებული სატრანსფერო ინფორმაციები ჭორები იყო და სხვა არაფერი. თუმცა ახლა, როდესაც საჟს თანამდებობა დაატოვებინეს, საქართველოს ნაკრების 24 წლის ფორვარდის წასვლაზე საუბრები კიდევ ერთხელ დაიწყო.
თუ იანვრის დასაწყისში მიქაუტაძეს ძირითადად „გალათასარაიში“ გადაბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა „რომას“ ვარიანტი გამოჩნდა. ამის თაობაზე Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა ხავიერ ალფარომ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ქართველ ფეხბურთელზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და მშვენიერი ეპითეტებითაც მოიხსენია.
რას წერენ მიქაუტაძეზე
გიორგი შემტევი ფეხბურთელია, თუმცა თავდამსხმელზე გაცილებით მეტია, რადგან გოლების გატანის გარდა, მრავალმხრივი სათამაშო თვისებებითაც გამოირჩევა, რის გამოც თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ნებისმიერ ევროპულ გრანდს ადვილად მოერგება. იმის გათვალისწინებით, რომ ლიონშია დაბადებული, ბევრი ქართველ ბენზემად მოიხსენიებს და მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ ქალაქში ყოფნისა და თამაშის საშუალება ეძლევა, გამორიცხული არ არის, სულ მალე „ოლიმპიკი“ დატოვოს.
მიქაუტაძის შეძენის მთავარი მსურველი „რომა“ და მისი გამოცდილი მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერია. „ჯალოროსოს“ ხელმძღვანელებს ის ბოლო დღეებია არწმუნებს, რომ ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდა სრულიად გამართლებული იქნება. ცოტა ხნის წინ ჰორიზონტზე ჩანდა „ვესტ ჰემიც“, მაგრამ რთულად წარმოსადგენია „ჩაქუჩებმა“ რომაელებს ეს სატრანსფერო ბრძოლა მოუგონ, რადგან ისინი მხოლოდ იჯარაზე არიან თანახმა, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ „ლიონს“ კი, „რომას“ მიერ შეთავაზებული 30 მილიონის აღება უფრო უნდა აწყობდეს.
შეგახსენებთ, რომ „ოლიმპიკის“ ახალ მთავარ მწვრთნელად გუშინ პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა დაინიშნა, რომლის დებიუტიც ხვალ „მარსელთან“ სტუმრად გასამართ შეხვედრაში შედგება და მატჩი თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.