ატალანტა და მილანი გააქტიურდნენ - რა ხდება გოგლიჩიძის ტრანსფერზე
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 3 იანვარს იხურება და ბოლო დღეებში შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდეს. საფეხბურთო ინსაიდერები აქტიურად მუშაობენ და განახლებულ ინფორმაციებს ყოველდღიურად ავრცელებენ. მათ შორის ხშირად იწერება საბა გოგლიჩიძის შესახებაც.
„ემპოლის“ 20 წლის ქართველი მცველის მიმართ ინტერესი დიდია, რადგან მისმა დამაჯერებელმა თამაშმა, ახალგაზრდულმა ასაკმა და დაბალმა ფასმა საბას მიმართ დაკვირვება გააორმაგა.
უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი „იუვენტუსს“, „მილანს“, „ატალანტას“, „ინტერსა“ და „რომას“ აქვთ. თუმცა, ბოლო დროს „ინტერი“ და „რომა“ აღარ აქტიურობენ.
როგორც „სატრანსფერო ზონის“ გუშინდელ გამოშვებაში გაცნობეთ, „იუვენტუსმა“ ბოლო მომენტში აქცენტი „ლანსის“ მცველზე კევინ დანსოზე გააკეთა და მისი იჯარით დამატებას განიხილავს, ქართველი მცველი კი სათადარიგო ვარიანტად ჰყავთ. სამაგიეროდ გააქტიურდნენ „მილანი“ და „ატალანტა“. გასპერინის ცენტრალური მცველი ჯორჯო სკალვინი 3 თვით გამოაკლდა და მას ახალი მცველის დამატება აუცილებლად სჭირდება. ბერგამოელები ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობენ და მოკლე სკამით პრობლემები გარანტირებული ექნებათ.
ცნობილი იტალიელი ინსაიდერი ალფრედო პედულა წერს, რომ „ატალანტა“ უკვე განიხილავს გოგლიჩიძის ვარიანტს. ბერგამოელები სხვა მცველებსაც აკვირდებიან და უახლოეს 48 საათში მათ არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
L’#Atalanta segue anche #Goglichidze, nel mirino di un paio di big (#Juventus e #Milan) https://t.co/31HBYO4rcE
— Alfredo Pedullà (@AlfredoPedulla) January 31, 2025
რაც შეეხება „როსონერის“, კიდევ ერთი ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ ფიკაიო ტომორი „მილანს“ დატოვებს და კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს. იტალიელებს მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევთ, საბა კი სიაშია. მაგრამ, როგორც „ატალანტას“ შემთხვევაში, აქაც რამდენიმე ვარიანტი განიხილება და ქართველი მათ რადარზე ერთადერთი არ არის.
#ACMilan have shown interest in Cristhian #Mosquera (Valencia), Saba #Goglichidze (Empoli) and Koni #DeWinter (Genoa) as possible replacement of Fikayo #Tomori, who could be sold. #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) January 31, 2025
Crystalsport-მა უკვე გაუწყათ, რომ გოგლიჩიძის წარმომადგენელი ლევან მჭედლიძე რამდენიმე დღეა იტალიაშია და მოლაპარაკებებს აწარმოებს. ორშაბათამდე ბევრი რამ გაირკვევა.