რაფინიამ ფანებს ჯარიმა გადაუხადა - კაპიტნის საქციელი ბრაზილიელისგან
წლევანდელი სეზონის დასაწყისში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონას“ ვერ ეხმარება, ხოლო რონალდ არაუხო და ფრენკი დე იონგი ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ვერ ხვდებიან, რის გამოც კაპიტნის სამკლავურის ტარება რაფინიას უწევს. 28 წლის ბრაზილიელი კი გარდა უმაღლეს დონეზე თამაშისა, მოედანს მიღმა სამაგალითო საქციელითაც ამტკიცებს, რომ მსგავსი პასუხისმგებლობის მისთვის დაკისრება შეცდომა არ ყოფილა.
„ბარსას“ წინა საშინაო მატჩისას, ფანთა ერთ-ერთი დაჯგუფების მიერ მოწყობილი მცირე არეულობის გამო, ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა კლუბს 21 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა, რის გამოც ჟოან ლაპორტამ სწორედ ამ ქომაგებს მოსთხოვა ჯარიმის გადახდა, რაზეც ისინი უარს აცხადებდნენ. რაფინიამ კი გუნდის პრეზიდენტს მიმართა, რომ ჯარიმას სრულად ის დაფარავდა და გულშემატკივრების რაიმე სახით დასჯისგან თავი შეეკავებინა.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში რაფინიას ანგარიშზე ესპანეთის ლა ლიგაში 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგის 8 მატჩში კი 8 ბურთის გატანასთან ერთად, 4 საგოლე პასიც შეასრულა, რითაც მთლიანად ჯგუფური ფაზის ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელი გახდა.