რეკორდი ევროლიგაში - შენგელიას ფენომენალური მატჩი
თორნიკე შენგელიამ ევროლიგის გათამაშებაში კარიერის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. რეგულარული ეტაპის XXIV ტურში „ვირტუსი“ სტუმრად „ფენერბაჰჩესთან“ 81:95 დამარცხდა, თუმცა თამაშის MVP დამარცხებული ბოლონიური გუნდის ქართველი ლიდერი გახდა, რომელმაც 29 წუთში 35 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ცნობისათვის, აქამდე ყველაზე პრესტიჟულ ევროტურნირზე ქულათა რაოდენობით სარეკორდო მატჩი თოკოს „ზენიტთან“ ჰქონდა გამართული, როდესაც ცსკა-ში ასპარეზობისას 33 ქულა დააგროვა.
რაც შეეხება „ფენერბაჰჩესთან დღეს გამართულ პაექრობას, შენგელიამ სამიდან ორი სამქულიანი, თოთხმეტიდან ათი ორქულიანი და ათიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო. ხუთი მოხსნიდან ოთხი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო. ამ მარცხის შემდეგ „ვირტუსი“ სატურნირო ცხრილში 7 მოგებითა და 17 წაგებით მე-16 ადგილზეა და მხოლოდ თელ ავივის „მაკაბისა“ და ბერლინის „ალბას“ უსწრებს.
მომდევნო შეხვედრას თოკო და მისი თანაგუნდელები 2 თებერვალს, იტალიის ჩემპიონატში საკუთარ დარბაზში „ვენეციასთან“ გამართავენ, ხოლო ევროლიგის შემდეგ ტურში 5 თებერვალს, ასევე შინ ბელგრადის „პარტიზანს“ დაუპირისპირდებიან.