ამ ყველაფერში 10 ათასი ვიშოვე - კორმიემ კონორი-ხაბიბის ბრძოლა გაიხსენა
2018 წლის ოქტომბერში, ლას ვეგასში კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის გამართულმა ბრძოლამ რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, ამის შეხსენება შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს არ სჭირდებათ. გამარჯვებით გახარებული დაღესტნელი მებრძოლი გალიიდან გარეთ გადახტა და მაკგრეგორის სამწვრთნელო შტაბის წევრებთან და მის გულშემატკივრებთან ხელჩართული ჩხუბი გამართა.
იმისათვის, რომ ვითარება განმუხტულიყო, როგორც ახლა ირკვევა, UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა დახმარება იქ მყოფ დენიელ კორმიეს სთხოვა, რომელმაც მაშინდელი მოვლენები ახლა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას საინტერესოდ გაიხსენა.
„იმ საღამოს ბუნებრივია იქ ვიყავი და პირველ რიგში ვიჯექი ოჯახის წევრებთან ერთად. ასეთ ხელსაყრელ ადგილზე მოხვედრისთვის საკმაოდ სოლიდური თანხის, 10 ათასი დოლარის გადახდა მომიწია, რათა ჩემთვის, მეუღლესთვის და ორი შვილისთვის ბილეთები შემეძინა.
როდესაც ხაბიბსა და კონორის გუნდის წევრებს შორის ჩხუბი დაიწყო, მაშინ გავიფიქრე, რომ თუ ისინი დროზე არ დამშვიდდებოდნენ, ცუდი რაღაც მოხდებოდა. ფეხზე ავდექი, მივედი ხაბიბთან და მაქსიმალურად შევეცადე დამეწყნარებინა და იქაურობისთვის გამერიდებინა.
როდესაც მართლაც ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, ჩემთან დენა უაითი მოვიდა, ის 10 ათასი დოლარი გადმომცა, რაც ბილეთებში გადავიხადე და მადლიერებით მითხრა, რომ ჩემი ჩარევის გარეშე ნურმაგომედოვის დამშვიდებას ვერავინ შეძლებდა".
შეგახსენებთ, რომ დენიელ კორმიე, რომელიც ყოფილი მებრძოლია, ახლა კი UFC-ის სატელევიზიო ექსპერტად მუშაობს, როგორც ნურმაგომედოვთან, ასევე ისლამ მახაჩევთან საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა.