საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეინ რაუნდის მესამე მატჩში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა.
მე-6 წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა ბულგარელთა მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მე-10 წუთზე ირაკლი თოდუას პასის შემდეგ გიორგი ჩიმაკაძემ „ჯვაროსნების“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
მე-14 წუთზე ნიკოლოზ კურტანიძის პასის შემდეგ ჯვარაშვილმა დუბლი გაიფორმა, ერთ წუთში კი ნიკოლოზ გაბრიჩიძემ ლამაზად გათამაშებული კომბინაცია დაასრულა და ბულგარელთა კარში მეოთხე გოლი გაიტანა - ასისტი ვახტანგ კეკელიამ მიითვალა.
მეორე ტაიმში უპირატესობას ისევ ავთანდილ ასათიანის გუნდი ფლობდა, თუმცა გოლები მხოლოდ მატჩის მიწურულს გავიდა: 39-ე წუთზე ვახტანგ კეკელიას პასის შემდეგ ნიკა ხარატიშვილმა გამოიჩინა თავი, მე-40 წუთზე კი მეკარის გოლიც ვიხილეთ - ბექა ტყემალაძემ შორეული დარტყმით ბულგარეთის ნაკრებს მეექვსე გოლიც გაუტანა. ბულგარელთა რიგებში პრესტიჟის გოლი პავლინ კუზოვმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ძირითადი: თორნიკე ბუკია, ირაკლი თოდუა, გიორგი ჩიმაკაძე, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია.
სათადარიგოები: ბექა ტყემალაძე, ნიკა ხარატიშვილი, ბექა ბექაური, ნიკოლოზ კურტანიძე, არჩილ სებისკვერაძე, ნუკრი ჭუმბურიძე, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ოთარ ბერეჩიკიძე.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს მეინ რაუნდის ათი ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს ავთანდილ ასათიანის გუნდი 4 თებერვალს სტუმრად, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.