სიახლე მეტოქის ბანაკში - სომხეთის ნაკრებს რუსი ჩაიბარებს
საქართველოს ეროვნულ გუნდთან გასამართ მატჩებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, სომხეთის ნაკრები კი ჯერჯერობით ისევ მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ჩვენ მეზობლებს ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი რაულ გონსალეს ბლანკო ჩაიბარებდა, მაგრამ როგორც ჩანს საქმე მოლაპარაკებებამდეც არ მისულა.
ბოლო ცნობებით კი, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს 55 წლის რუს სპეციალისტთან სერგეი იურანთან აწარმოებენ, რომლის ბოლო სამუშაო ადგილიც „პარი ინი“ გახლდათ, სადაც ის ორ ქართველ ფეხბურთელს, კონსტანტინ მარადიშვილსა და ნიკოლოზ ქუთათელაძეს ავარჯიშებდა.
სხვათა შორის, თავად იურანმაც აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ჭორები არ არის და სომხეთში სიამოვნებით დაბრუნდებოდა, სადაც 2016 წელს უკვე მუშაობდა, როდესაც ერევნის კლუბ „მიკას“ ამზადებდა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები სულ მალე უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, სადაც წარმატების მიღწევის შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის გუნდი B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. პირველი თამაში 20 მარტს ერევანში შედგება, საპასუხოს კი 23 რიცხვში თბილისი უმასპინძლებს.