სენ-მაქსიმენი, რიკელმე, ამუზუ | ნაპოლი კვარას შემცვლელს ისევ ეძებს
ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი „ნაპოლის“ სატრანსფერო აქტიურობაზე წერს. ჟურნალისტ ფაბიო მანდარინის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ალეხანდრო გარნაჩოს საკითხზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ „პარტენოპეის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა სხვა ფეხბურთელებზე გადაერთო.
რას წერს გამოცემა:
„იუნაიტედი“ სულ მცირე 55 მილიონ ევროს ითხოვს. რაც შეეხება ხელფასს, ამჟამად გარნაჩო წელიწადში 1.8 მილიონ ევროს იღებს. „ნაპოლი“ მას 3.5 მილიონს სთავაზობს, არგენტინელი კი 4.5 მილიონს ითხოვს.
ალტერნატივის სახით „ნაპოლი“ პსვ-ს შემტევს, ნოა ლანგს განიხილავდა, თუმცა ნიდერლანდურმა კლუბმა 25-მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა.
შემდეგი ვარიანტი „ანდერლეხტის“ გარემარბი ფრენსის ამუზუ იყო, თუმცა მასთან მოლაპარაკებები თითქმის დასკვნით სტადიამდე „გრემიომ“ მიიყვანა და დიდი ალბათობით 25 წლის ამუზუ კარიერას ბელგიაში გააგრძელებს.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მანას მოსწონს, „ატლეტიკოს“ 24 წლის შემტევი როდრიგო რიკელმეა. მისი გადაბირება ზაფხულში „რომასაც“ სურდა, ახლა კი დიეგო სიმეონე რიკელმეს იშვიათად ათამაშებს, რის გამოც ესპანელმა გარემარბმა შესაძლოა გუნდის შეცვლა მოისურვოს“.
ამასთანავე, თურქული მედია წერს, რომ „ნაპოლის“ ახალი გარემარბი შესაძლოა ალან სენ-მაქსიმენი გახდეს. სენ-მაქსიმენის კონტრაქტი „ალ-აჰლის“ ეკუთვნის, თუმცა 27 წლის ფრანგი შემტევი იჯარით „ფენერბაჰჩეში“ თამაშობს და მენეჯმენტთან კონფლიქტის გამო თურქული კლუბის დატოვება სურს. თურქი ჟურნალისტების ცნობით, სენ-მაქსიმენსა და „ნაპოლის“ შორის კონტაქტი უკვე შედგა და ფეხბურთელს „პარტენოპეის“ წინადადება აკმაყოფილებს, თუმცა იტალიელებს ტრანსფერის განსახორციელებლად „ალ-აჰლის“ და „ფენერბაჰჩეს“ თანხმობაც სჭირდებათ.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ „ნაპოლიმ“ „პარი სენ-ჟერმენისგან“ 75 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა ქართველი გარემარბის შემცვლელს ამ დრომდე ეძებს.