„საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ ტრანსფერი ალოგიკური იყო“ | ფრანგი ჟურნალისტი კვარაზე
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ის ჟურნალისტმა, ჟოზე ბაროსომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერზე ისაუბრა. ბაროსომ „კვარა“ შეაქო, მაგრამ განაცხადა, რომ გარიგება ალოგიკური იყო.
„ყველამ იცის, რომ ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელი და ტოპ დონის მოთამაშეა. ძალიან მაგარია, როცა გუნდში ასეთი ფეხბურთელი გყავს, მაგრამ ბევრი სვამს შეკითხვას, სჭირდებოდა თუ არა პარი სენ-ჟერმენს ამ მომენტში კვარა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, 5-10 ფეხბურთელს ვერ იყიდი, მაქსიმუმ ორი დაიმატო და საკითხავი ისაა, იყო თუ არა ხვიჩას გაფორმება პრიორიტეტი.
კვარაცხელია ბარკოლას პოზიციაზე თამაშობს, რომელიც გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. როგორც პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრების უმრავლესობა ფიქრობს, პრიორიტეტი ფორვარდის ან ნახევარმცველის ყიდვა უნდა ყოფილიყო, რადგან როცა ჰაკიმი მოედანზე არაა, სუფთა საყრდენი არ გყავს.
ლუის ენრიკემ თქვა, რომ ხვიჩას მოსვლა შეტევაში კონკურენციას გაზრდის და საუბარი ძალიან კარგ ფეხბურთელზე გვაქვს, რომელმაც გოლების გატანა იცის. რა თქმა უნდა, საფრანგეთში ბევრს უხარია, კვარაცხელია რომ ლიგა 1-ში გადავიდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ტრანსფერი ალოგიკურად მეჩვენება.
უშუალოდ ფეხბურთელს რაც შეეხება, ხვიჩას ფენომენალური შესაძლებლობები და უზარმაზარი ტალანტი აქვს. ბურთთან კარგადაა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან აქ მოუწევს თამაში მეტოქეებთან, რომლებიც თავს მთელი გუნდით იცავენ. კვარაცხელიას საოცარი ტექნიკა და პასი აქვს. ველოდებით, რომ მოწინააღმდეგე გუნდების დაცვის ხაზებს გაარღვევს და პსჟ-ს კრეატიულობას შესძენს, რაც ახლა ნამდვილად აკლია“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა „რეიმსის“ წინააღმდეგ ჩაატარა და საგოლე გადაცემა მიითვალა. მისი გუნდის მომდევნო მეტოქე „ბრესტი“ გახლავთ.