„ბრესტი კარგი გუნდია, რთული მატჩები იქნება“ | ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინზე
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში „ბრესტს“ დაუპირისპირდება. პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და „ბრესტი“ შეაქო.
„ბრესტს ხვალ ვეთამაშებით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა და ლიგა 1 განსხვავებული ტურნირებია. რთული შეხვედრები იქნება, რადგან ბრესტი მაღალი დონის კლუბია და გასულ სეზონში, შესანიშნავად გამოიყურებოდა. მიმდინარე სეზონში, ბრესტი კარგ ფეხბურთს თამაშობს, ბურთს მშვენივრად აკონტროლებს და ნებისმიერი შეცდომა შესაძლოა, ძვირად დაგვიჯდეს.
ბრესტს ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს და შეტევაში ძლიერია, რის გამოც, მათ წინააღმდეგ თამაში ძნელია. ამ ეტაპზე, სწორედ ამიტომ გავიდნენ, თუმცა, მათთან სათამაშოდ მზად ვართ და ვეცდებით, საუკეთესო დონე ვაჩვენოთ.
ფრანგულ კლუბთან თამაშის პლუსი ისაა, რომ მომდევნო ეტაპზე ფრანგული კლუბი გავა. ლიგა 1-ში, ვიცით, რომ პირველ ადგილს საუკეთესო გუნდი დაიკავებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი მთავარია, მეტოქეზე უკეთესი ორმატჩიან დუელში იყო და შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს. ყველაფერს დეტალები წყვეტს და ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ.
დემბელეს კარგი ფორმა? ვცდილობთ, ფეხბურთელებს მაქსიმალურად დავეხმაროთ. გუნდი ვართ და ბედნიერი ვარ, რომ უსმანის სტატისტიკა გაუმჯობესდა. მისგან უფრო მეტის მიღება გვინდა და იმედი გვაქვს, ამას გააკეთებს, რადგან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ისეთივე, როგორც ბრედლი ბარკოლა“.
შეგახსენებთ, რომ პლეი-ინის მატჩები 11-12 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 18-19 თებერვალს გაიმართება.