ევროპის ჩემპიონატი: მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს წყვილთა შორის თავისუფალ პროგრამაში გამოსვლები შედგა, სადაც ქართულმა დუეტმა ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა უმაღლეს დონეზე იასპარეზა - 134.85 ქულით (ტექნიკურ ელემენტებში 71.34 და კომპონენტებში 63.51. ჯამში კი 191.88 ქულით) მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
იმის ფონზე, რომ 29 იანვარს მოკლე პროგრამაში მოულოდნელად მე-9 შედეგი აჩვენეს, დღეს ქართულმა დუეტმა ცალსახად ფენომენალურად წარმოაჩინა თავი.
პირველი ადგილი გერმანულმა წყვილმა მოიპოვა, მეორეზე კი იტალიელები გავიდნენ.
დღეს ასევე, მამაკაცთა შორის ქართველმა ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში იასპარეზა და ლიდერთა შორისაც მოხვდა. მან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო - 91.94 ქულა და მეორე შედეგი დააფიქსირა, რაც მცირე ვერცხლის მედალს ნიშნავს. მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ფრანგ ადამ სიაოს ჰქონდა - 93.12 ქულა.
ეგაძეს თავისუფალ პროგრამაშიც ვიხილავთ, რომელიც პირველ თებერვალს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს თავისუფალ პროგრამაში ქალთა შორის ანასტასია გუბანოვას ველით, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერია და ოქროს მედლის მთავარ ფავორიტად ითვლება.