ჩემპიონი ვარ და ჩემპიონთან ჩხუბი მსურს - პერეირამ ჯონსს მიმართა
ალექს პერეირა ბოლო პერიოდში უბრალოდ შეუდარებელია - 37 წლის ბრაზილიელმა მებრძოლმა ქვემძიმე წონაში ჩემპიონის ტიტული 2023 წლის ნოემბერში ირჟი პროჰასკას დამარცხებით მოიპოვა, რის შემდეგაც ქამარი სამჯერ, ჯამაჰალ ჰილთან, იმავე პროჰასკასთან და ხალილ რანთრისთან დაპირისპირებებში შეინარჩუნა. ახლა კი, როგორც ჩანს კიდევ უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვს და ლეგენდარულ ჯონ ჯონსთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.
რას ამბობს პერეირა
მე ჩემპიონი ვარ და ჩემპიონთან დაპირისპირება ჰაერივით მჭირდება. დენა უაითს მივმართავ, ჩამინიშნოს ჯონ ჯონსთან ჩხუბი, რასაც უკვე დიდი ხანია ვითხოვ.
ჯონი ჩემი მეგობარი არ არის, მასთან რეგულარულად არ ვკონტაქტობ, მაგრამ ერთმანეთს ყოველთვის ვაფასებდით.
ვფიქრობ, გარკვეული იმპულსის გამო, ჯონსს ჩემთან ჩხუბი უფრო სურს, ვიდრე ტომ ასპინალთან. ამ უკანასკნელთან ბრძოლა მისთვის უფრო დიდი რისკი და ნაკლები სარგებელია. აი, ჩემთან შეხვედრა კი გაცილებით დიდ მასშტაბს, ახალი ფინანსების შოვნის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ პერეირა ამჟამად მაგომედ ანკალაევთან ჩხუბისთვის ემზადება, რომელიც 9 მარტს გასამართი UFC-ის მორიგი ქარდის მთავარი ბრძოლა იქნება.