„ნამდვილი კლდე იყო“ | იოელ რომერომ რევაზ მინდორაშვილზე ისაუბრა
იოელ რომერო UFC-ის ყოფილი მებრძოლია, რომელიც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი და მსოფლიო ჩემპიონია. რომერომ, საკუთარ პოდკასტში, ქართველ მოჭიდავეებზე ისაუბრა და 2008 წლის, ბეიჯინგის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, რევაზ მინდორაშვილი გამოარჩია.
„ჩვენ, კუბელები, ქართველებს Guajiro-ს (სასოფლო მეურნეობაში მომუშავე ადამიანი, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია და რევოლუციებსა და კუბის ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს) ვეძახით. ქართველები ფიზიკურად ძალიან მტკიცე და ძლიერები არიან. ჭიდაობის რუსული სტილის აქილევსის ქუსლს ქართველი მოჭიდავეები წარმოადგენენ, რადგან ქართველები ფიზიკურად ძლიერები, რუსები კი უფრო ათლეტურები არიან.
როცა ვჭიდაობდი, გამოდიოდა ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ბეიჯინგის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი აიღო - რევაზ მინდორაშვილი. პირველად მას 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვდი. ძალიან ძლიერი სპორტსმენი გახლდათ და გეუბნებით, ნამდვილი კლდე იყო. მანამდე არ მყავდა ნანახი, რადგან წონითი დივიზიონი შეიცვალა და როცა შევხედე, მივხვდი, რომ ნამდვილი კლდე იყო!
შესწავლილი მყავდა, მაგრამ გეგმის მთლიანად შეცვლა მომიწია. გამიმართლა, რომ იმ პერიოდში, კუბის ნაკრებში ერთმანეთისგან განსხვავებული მახასიათებლების მქონე ბევრი მაღალი დონის სპორტსმენი გამოდიოდა და ორი მათგანი მინდორაშვილის მსგავსი უნარებით გამოირჩეოდა. მათი წყალობით, მივხვდი, სხვადასხვა აღნაგობისა და გაბარიტების მქონე მეტოქეების წინააღმდეგ როგორ მეჭიდავა. მათი წყალობით მივხვდი, მინდორაშვილთან რა უნდა გამეკეთებინა, თორემ მათ გარეშე არაფერი გამომივიდოდა, რადგან ქართველი სპორტსმენი ნამდვილი კლდე იყო. როცა ქართველები რუსებს ხვდებოდნენ, ხალიჩაზე ნამდვილი ომი იყო“.
საინტერესოა, რომ 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომერომ მინდორაშვილს 3:2 მოუგო და ფინალში რუს ადამ საიტიევთან დამარცხდა. MMA-ის კარიერას რაც შეეხება, რომერომ საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ისრაელ ადესანიასთან იჩხუბა, მაგრამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.