პირველი დივიზიონის საგზურისთვის - საქართველო პოლონეთს უმასპინძლებს
31 იანვარსა და 1 თებერვალს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მსოფლიო ჯგუფის პირველი დივიზიონის პლეი ოფში პოლონეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. დღეს, ტურნირის კენჭისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ პირველ დღეს ალექსანდრე ბაკში სტუმართა პირველ ნომერ კამილ მაიჩრჟაკთან გამართავს, ხოლო საბა ფურცელაძე მაკს კასინოვსკის დაუპირისპირდება.
ქართველი ჩოგბურთელების წინაშე ურთულესი ამოცანა დგას. ფავორიტი მეტოქეა, მაგრამ მასპინძლები უდიდესი გამოწვევის წინაშე არიან - გამარჯვების შემთხვევაში ისინი პირველი დივიზიონის საგზურს მოიპოვებენ და მსოფლიოს 18 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდებიან.
საბა ფურცელაძესთან ერთად, პოლონელებთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების რიგებში ზურა ტყემალაძე, ალექსანდრე ბაკში და სანდრო მეტრეველი ითამაშებენ. პოლონეთის ნაკრები თბილისში მთავარი ლიდერის, მსოფლიო რეიტინგის 21-ე ნომრის, ჰუბერტ ჰურკაჩის გარეშეა ჩამოსული. სამაგიეროდ გუნდთან ერთად არის 115-ე ნომერი კამილ მაიჩრჟაკი. მის გარდა სტუმართა განაცხადში არიან მაკს კასნიკოვსკი, მარტინ პაველსკი, კარლ დრზევიეცკი და იან ჟელინსკი.
საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფში თამაშის უფლება მექსიკელების 3-2 დამარცხებით მოიპოვა. სექტემბერში ჩვენი გუნდის რიგებში გამორჩეული ალექსანდრე ბაკში იყო - მან ერთეულებში ორივე მატჩი მოიგო, წყვილებში კი ტყემალაძესთან ერთად გაიმარჯვა.
საქართველო - პოლონეთის თამაშები „თბილისი არენას“ დარბაზში 31 იანვარს 13:00 საათიდან დაიწყება - დასწრება თავისუფალია.