შემადგენლობა შვეიცარიასთან მატჩისთვის - ოთხი დებიუტანტი განაცხადში
რაგბი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ ქოქრილის გადაწყვეტილებით შვეიცარიის ნაკრებთან თამაშის საშუალება ოთხ დებიუტანტს მიეცემა. ირაკლი ქვათაძე, შალვა აფციაური და დაჩი პაპუნაშვილი სასტარტოდან დაიწყებენ, გიორგი ხაინდრავა კი თადარიგში იქნება.
შერკინების პირველ ხაზში თამაშს იწყებენ ნიკა აბულაძე და ლუკა ჯაფარიძე, მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება, მესამე ხაზში კი ბექა შვანგირაძეს, ბექა საღინაძეს და ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ. ღერძზე სასტარტო შემადგენლობაში გელა აფრასიძე და ლუკა მატკავა დადგებიან, ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, ხოლო მეორე ფრთა აკაკი ტაბუცაძე იქნება.
პირველი ხაზის მარქაფაში ვანო კარკაძე, ლუკა გოგინავა და ირაკლი აფციაური არიან, მეორე ხაზში გიორგი ჯავახია შევა, ხოლო მესამეში ილია სპანდერაშვილი. 9 ნომრის შეცვლაზეა მიხეილ ალანია, ხაზს კი ხაინდრავასთან ერთად დავით ნინიაშვილი გააძლიერებს.
სიახლეა ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბექა საღინაძე იქნება, რომელსაც მსგავსი პატივი აქამდე სამჯერ ჰქონია. 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2027 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპია და საგზურს საუკეთესო ოთხი გუნდი მიიღებს.
საქართველო - შვეიცარიის შეხვედრა შაბათს, 1 თებერვალს, ავჭალის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.