მესის და ნეიმარს აჯობა - რაფინიას მორიგი რეკორდი
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის ბოლო ტურში „ბარსელონასა“ და „ატალანტას“ შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. მართალია მასპინძელთა რიგებში გოლი ამჯერად არ გაუტანია, მაგრამ რაფინია თანაგუნდელებს შორის მაინც გამოირჩეოდა და როგორც ლამინ იამალს, ასევე რონალდ არაუხოს საგოლე პასი მან მიაწოდა.
28 წლის ბრაზილიელმა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე წლევანდელ ჯგუფურ ეტაპზე გამართულ 8 მატჩში თავი 8 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ თანაკლუბელ რობერტ ლევანდოვსკის (9) ჩამორჩება. სტატისტიკოსებმა დაითვალეს და გამოდის, რომ რაფინიას ლიგაზე გოლი ყოველ 75 წუთში გააქვს, რითაც „ბლაუგრანას“ იმ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც მოედანზე მინიმუმ 1000 წუთი მაინც აქვთ გატარებული, საუკეთესო მაჩვენებელია.
ბრაზილიელმა ვინგერმა ლიონელ მესის მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც თავის გამოჩენას საშუალოდ ყოველ 80 წუთში ახერხებდა. რაფინიამ ასევე უკან მოიტოვა ნეიმარი (95) და ხრისტო სტოიჩკოვი (97) და რობერტ ლევანდოვსკი (101).
ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, „ბარსას“ მე-11 ნომერს წელს ესპანეთის ლა ლიგაშიც შედეგიანი სეზონი აქვს, სადაც მის ანგარიშზე უკვე 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.