„ხვიჩა პარიზში უფრო გაიზრდება, ზურიკოს კი...“ - რუბინის ყოფილმა ფეხბურთელმა ქართველებზე ისაუბრა
ყაზანის რუბინში, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდელმა, სოლტმურად ბაკაევმა Match TV-სთან ინტერვიუს დროს ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა და მასთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.
რას ამბობს ბაკაევი ხვიჩაზე:
„შეიძლება თუ არა, რომ ხვიჩამ პარიზში განვითარება შეაჩეროს? ასე არ ვფიქრობ. მან იტალიური ეტაპი წარმატებით გაიარა. როდესაც რუსეთში თამაშობდა, რაღაც მომენტში „მიხვდა, რომ აქ მისთვის ყველაფერი მარტივი და უინტერესო იყო. ხვიჩას ახალი გამოწვევები სურდა. მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ თუ რუსეთის ჩემპიონატსა და თასს მოვიგებ, სხვაგან, ახალი მიზნების საძიებლად წავალ. ახალ მიზნებს დავისახავ, რადგან ბევრი რამის მოგება მინდა. ვფიქრობ, ხვიჩასაც სწორედ ეს სურს, მას უნდა, რომ გაიზარდოს და თავის თავს ახალი გამოწვევები დაუყენოს, მომავალი შეიქმნას. ამიტომაც არ მგონია, რომ ის საფრანგეთში რეგრესს განიცდის, მისი თამაშის დონე არ დაეცემა. პირიქით, ასეთ პარტნიორებთან ერთად ის მხოლოდ პროგრესს მიაღწევს“.
„გამიკვირდა თუ არა მისი ასე ძლიერად განვითარება? სულაც არა. ხვიჩა მორწმუნეა და ღმერთის რწმენა ბევრ რამეში ეხმარება. მისი წარმატებით მხოლოდ ბედნიერი ვარ, ჩემთვის ეს ამაღელვებელია. იგივე ეხება ზურიკო დავითაშვილსაც. როდესაც „რუბინი“ დატოვა, ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა „როტორი“ და ტულას „არსენალი“, მაგრამ ახლა საფრანგეთშია და იქ უფრო კარგად თამაშობს. როდესაც „რუბინში“ იყო, რაღაც მომენტში მე და ზურიკო კონკურენტები ვიყავით და ეს კონკურენცია მე მოვიგე, მაგრამ ახლა ზურიკო საფრანგეთშია, მე კი რუსეთის პრემიერ ლიგაში ვთამაშობ. ასე რომ, როგორც ყოველთვის ვამბობ, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია“.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში ორი კვირის წინ, „ნაპოლიდან“ გადავიდა. ქართველ შემტევს პარიზულ გუნდში დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ ჰქონდა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს 23 წლის შემტევი „სენტ-ეტიენში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში, „ბორდოდან“ აღმოჩნდა. ზურიკომ ლიგა 1-სა და საფრანგეთის თაზე 19 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.