ლიფტში გადაწყვეტილი ამბავი - გუარდიოლას და ლუის ენრიკეს საინტერესო ისტორია
ერთი კვირის წინ „პარკ დე პრენსზე“, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, „პარი სენ-ჟერმენმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ საოცარი ქამბექი შეასრულა, მეტოქეს 4:2 აჯობა და ლუის ენრიკესა და პეპ გუარდიოლას რიგით მეხუთე სამწვრთნელო დუელში პირველმა მათგანმა მეორეს უკვე მესამედ აჯობა.
თანამედროვეობის ორი უძლიერესი ტაქტიკოსის გზები პირველად 2014-2015 წლების სეზონში გადაიკვეთა, როდესაც ენრიკე „ბარსელონას“, ხოლო პეპი „ბაიერნს“ წვრთნიდა. „ნოუ კამპზე გამართული პირველი რაუნდი მასპინძლებმა ლიონელ მესის დუბლითა და ნეიმარის ერთი გოლით მოიგეს. „ალიანს არენაზე“ კი მიუნხენელებმა 3:2 გაიმარჯვეს, მაგრამ ბუნებრივია ეს ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. მაშინ ნეიმარმა დუბლი შეასრულა, რასაც რეკორდმაისტერის მხრიდან ზუსტი დარტყმებით მეჰდი ბენატიამ, რობერტ ლევანდოვსკიმ და ტომას მიულერმა უპასუხეს.
ლუის ენრიკესა და პეპ გუარდიოლას მომდევნო ორი დაპირისპირება უკვე 2016 წლის შემოდგომაზე შედგა, როდესაც „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ ერთ ჯგუფში მოხვდნენ. კატალონიის დედაქალაქში „ბლაუგრანამ“ მოწინააღმდეგეს მესის ჰეთ-თრიკითა და ნეიმარის გოლით 4:0 აჯობა. რაც შეეხება „იტიჰად სთედიუმზე“ გამართულ მატჩს, სტუმრები თავდაპირველად მესიმ დააწინაურა, მაგრამ შემდეგ „ქალაქელებმა“ ილქაი გიუნდოგანის დუბლითა და კევინ დე ბრუინის გოლით 3:1 გაიმარჯვეს.
უკვე ყველას კარგად მოეხსენება, რომ ენრიკესა და გუარდიოლას თუ რამე აერთიანებთ, ეს უპირველეს ყოვლისა „ბარსელონას“ სიყვარულია, სადაც ორივე მათგანს საკუთარი წარუშლელი კვალი როგორც ფეხბურთელის, ასევე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში აქვს დატოვებული. ამ ფეხბურთელებმა ლურჯ-ბროწეულისფერების რიგებში ერთად საერთო ჯამში 148 მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ შვიდი მოთამაშეა გუარდიოლას კარიერაში ისეთი, ვის მხარდამხარაც ლუის ენრიკეზე მეტჯერ გაუგორებია ბურთი. პირველად როდესაც ისინი მოედანზე ერთი გუნდის მაისურით გავიდნენ, ეს არა „ბარსაში, არამედ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მოხდა, რომელიც 1992 წლის საშინაო ოლიმპიადისთვის მზადების ფარგლებში დსთ-ს ნაკრებთან საკონტროლო მატჩს ატარებდა და კიკოს გოლით 1:0 მოიგო - მაშინ ენრიკე შესვენებაზე შეცვალეს, ხოლო პეპი მატჩის MVP გახდა. სხვათა შორის მაშინ ესპანელებმა ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი მოიგეს, „ბარსას“ მომავალმა ვარსკვლავებმა ყველა თამაში ჩაატარეს, ხოლო ლუის ენრიკემ ფინალში ასისტი შეასრულა.
სანამ ენრიკე „ბარსელონაში“ გადავიდოდა, ის პეპ გუარდიოლასთან ესპანეთის ნაკრებში კიდევ უფრო კარგად შეთამაშდა. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პეპმა ბოლივიელებს პენალტი გაუტანა, ლუჩომ კი შვეიცარიასთან მატჩში გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ ისინი „ფურია როხაში“ ერთად აღარ მოხვედრილან - გუარდიოლამ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი მთავარ მწვრთნელ ხავიერ კლემენტესთან მოხდარი კონფლიქტის, 1998 წლის მუნდიალი კი ტრავმის გამო გამოტოვა. 2000 წლის კონტინენტის პირველობაზე ხოსე ანტონიო კამაჩომ პეპი წაიყვანა, ენრიკეს სამსახურზე კი უარი თქვა.
„ბარსელონაში“ ამ ორმა ლეგენდამ ერთად ხუთი სეზონი გაატარა და გუნდს ექვსი ტიტული მოაგებინა. მათმა დუეტმა რვა გოლი შექმნა და რვავე ენრიკემ გაიტანა პეპის საგოლე პასით. ლუჩომ ფეხბურთისთვის თავის დანებება 2004 წელს გადაწყვიტა, გუარდიოლამ კი კარიერა ორი წლის შემდეგ, 2006 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ერთად გაიარეს სამწვრთნელო კურსები და ადვილი შესაძლებელი იყო მათ დუეტშიც ემუშავათ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ შედგა. გუარდიოლას სეგუნდადივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა კატალონიურმა „ხიმნასტიკმა“ სამსახური შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ის ლუის ენრიკეს ასისტენტი უნდა ყოფილიყო. თუმცა, საბოლოოდ ტარაგონას კლუბის შეფებმა გადაიფიქრეს და გამოუცდელობის გამო ენრიკე მთავარი მწვრთნელის, პეპი კი ასისტენტის პოზიციაზე დაიწუნეს.
არის ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც რომ არ მომხდარიყო, შესაძლოა გუარდიოლას მშობლიურ „ბარსელონაში“ დაუვიწყარი ეპოქა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვერ შეექმნა. 2007 წელს, „ბლაუგრანას“ მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა პეპი „ლა მასიას“ აკადემიის დირექტორად, ხოლო ენრიკე სარეზერვო გუნდის მწვრთნელად დანიშნა. კლუბის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი ევარისტ მურტრა კი, რომელიც პეპის ახლო მეგობარი იყო, თვლიდა რომ გუარდიოლა ადმინისტრატორზე უფრო კარგად თავს, მწვრთნელის ამპლუაში იგრძნობდა, რაც საჭირო დროს საჭირო ადგილას თქვა. ყველაფერი კი ასე მოხდა: დირექტორთა საბჭოს წევრების ერთ-ერთი სხდომის დროს, ოთახიდან გასულ ბეგირისტაინს მურტრა აედევნა და ლიფტში შეჰყვა, სადაც ყველასთვის საიდუმლოდ უთხრა, რომ სანამ „ბარსელონა“ B-ს დამრიგებლად ლუის ენრიკეს დანიშნავდა, ეს პოსტი გუარდიოლასთვის შეეთავაზებინა. ჩიკიმ რჩევა მიიღო და როდესაც პეპს ჰკითხა, რა აზრის იყო მწვრთნელობაზე, მისგან ასეთი პასუხი მიიღო: „გამომიყვანეთ ამ კაბინეტიდან და ჩამაბარეთ ნებისმიერი ასაკობრივი გუნდი“. მიუხედავად იმისა, რომ დაპირებული თანამდებობა ვერ მიიღო და მის ნაცვლად პეპი დანიშნეს, ენრიკეს მეგობარზე წყენა გულში არ ჩაუდია და დღემდე მისი ახლო მეგობარია. საბოლოოდ პეპმა მეორე გუნდიდან დაიწყო და სადამდეც მივიდა, ყველამ კარგად იცის და ამაში გარკვეული წვლილი სწორედ მურტრასა და ჩიკის მიუძღვით.
გუარდიოლას ფენომენალური „ბარსას“ შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, ენრიკემ კი, სანამ მშობლიურ გუნდს ჩაიბარებდა, დამოუკიდებლად „სელტასა“ და „რომაში“ იმუშავა. როდესაც ის „ბლაუგრანას“ მესაჭედ დანიშნეს, პეპმა ლუისზე ასეთი რამ თქვა: „მას ჩემი მიღწევების გამეორება და გაუმჯობესებასც შეუძლია - მე მასზე დიდი წარმოდგენა მაქვს“. 2016 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე გუარდიოლას მომზადებულ „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირებამდე, ლუჩომ პეპი ასეთ დაახასიათა: „პეპი ჩემი ახლო მეგობარია და მას ყოველთვის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევდი. ის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც თანამედროვე ფეხბურთი განვითარების სულ სხვა საფეხურზე აიყვანა“.
გუარდიოლა უდიდეს შეცდომად თვლიდა ლუის ენრიკეს „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელის პოსტიდან გაშვებას. მაშინ მან ყოფილ თანაგუნდელს ფეხბურთის მაესტრო უწოდა, რომელმაც კატალონიურ გრანდს სამი წლის განმავლობაში უამრავი დაუვიწყარი მატჩი აჩუქა და დაუფარავად აღნიშნა, რომ ენრიკე „ბლაუგრანასთვის“ ყველაზე შესაფერისი დამრიგებელი იყო.
კატალონიელი ქომაგებისთვის რამდენადაც ცუდად არ უნდა ჟღერდეს, ახლა როგორც პეპ გუარდიოლა, ასევე ლუის ენრიკე მათთვის უცხო კლუბების თავკაცები არიან. ამ უკანასკნელს კი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად დიდი მიზანი აქვს - ის ამჯერად უკვე ხვიჩა კვარაცხელიას დახმარებით უნდა შეეცადოს წელს, ან მომდევნო წლებში პარიზელებს ოცნება აუსრულოს და ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინოს.