„არც ახალი ფორმატი მოგვწონს და არც სიტისთან თამაშის პერსპექტივა“ - ანჩელოტი
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის, მადრიდის „რეალის“ თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ ევროპის წამყვანი საკლუბო ტურნირის ლიგის ფაზის შედეგები და „სამეფო კლუბის“ სავარაუდო მეტოქეები შეაფასა.
კარლო ანჩელოტი:
„დაველოდოთ წილისყრას. თუ „მანჩესტერ სიტი“ შეგვხვდება, რა თქმა უნდა, უფრო რთული მატჩები გველის. კმაყოფილები ვართ დღევანდელი შედეგით, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში გუნდმა უფრო ადრე არ გაიღვიძა.
„სიტის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე „სელტიკის“ მიერ - რეალობა ასეთია. არ მოგვწონს, რომ „სიტის“ შეიძლება შევხვდეთ.
ტურნირის ახალი ფორმატი არ მომწონს. ძალიან ბევრი მატჩი გვიწევს. მე კი მინდა, რომ ფეხბურთელები ნაკლებად დატვირთულები იყვნენ, ამისთვის კი მატჩების შემცირებაა საჭირო“.
ცნობისთვის, მადრიდის „რეალმა“ ლიგის ფაზა მე-11 ადგილზე დაასრულა და პლეი-ინში „მანჩესტერ სიტის“ ან „სელტიკს“ შეხვდება. პლეი-ინის წილისყრა 31 იანვარს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.