„ტრავმიანობა გადავლახე და ჩემი სხეული უკეთ შევისწავლე“ - კიტეიშვილის ინტერვიუ
ოთარ კიტეიშვილმა 28 წლის ასაკში ოცნება აიხდინა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეძლო. გრაცის „შტურმის“ ქართველი ათიანი ამის შესახებ და სხვა საინტერესო თემებზე ავსტრიულ გამოცემა Kronen Zeitung-ს ესაუბრა.
თავის მომავალზე:
„აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და ვერ ვხვდები ცვლილებები რატომ უნდა მინდოდეს? დიახ, შემოთავაზებები მქონდა, იყო ამაზე მსჯელობაც, ეს ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე ხდება, ეს ფეხბურთის ნაწილია. ვერ დაგპირდებით, რომ პოზიციას არასდროს შევიცვლი. არც ის არის გამორიცხული, რომ აქ სამუდამოდ დავრჩე“.
ძველ ტრავმიანობაზე:
„ეს ეტაპი გადავლახე. რეალურად, ამ ტრავმებმა მე უფრო მეტად გამაძლიერა, რადგან საკუთარი სხეული უკეთ შევისწავლე და უკვე ვიცი რა სჭირდება მას. ამ ყველაფერმა დღევანდელ დღემდე მომიყვანა“.
უახლოესი მიზნები:
„მინდა, რომ შტურმთან ერთად ჩემპიონის ტიტული შევინარჩუნო. ვიცი, რომ ამის გაკეთება მარტივი არ იქნება“.
პირველი ჩემპიონთა ლიგა:
„ჩემთვის ეს სასიამოვნო მოგზაურობა იყო. ბევრი ჩვენგანისთვის ეს ამ ტურნირზე პირველი გამოსვლა იყო, ეს ბავშვობის ოცნება გახლდათ. ამ მატჩებმა ძალიან ღირებული გამოცდილება მოგვცა“.
ვილი სანიოლზე:
„მან თავისი კარიერის მანძილზე უამრავი რამ გამოიარა, მისგან რჩევებს ხშირად ვიღებ. სანიოლისგან ბევრი სასარგებლო რამის გადაღება შეიძლება“.
ბოლოს გეტყვით, რომ კიტეიშვილმა „შტურმთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2027 წლის 30 ივნისამდეა. Crystalsport-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი სტაბილურ, გრძელვადიან და საინტერესო შემოთავაზებას ელოდა, რომლის ვერმიღების შემდეგაც ავსტრიაში დარჩენა ამჯობინა.