ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა - საფრანგეთში 14 წლის ფეხბურთელი მოკლეს
უქმეებზე საფრანგეთის ლიგა 1-ში ყველა მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. ამის მიზეზი 14 წლის მოზარდის მკვლელობა გახლავთ.
RMC Sport-ი იუწყება, რომ 14 წლის მოზარდი, სახელად ელიასი, 26 იანვარს პარიზში, ფეხბურთზე იმყოფებოდა და ვარჯიშის შემდეგ, ჟიულ-ნოელის სტადიონთან მოკლეს. მას სახლში დაბრუნების დროს ორმა ახალგაზრდამ ტელეფონის წართმევა დაუპირა, წინააღმდეგობის გაწევის მომენტში კი ელიასს რამდენჯერმე დანა დაარტყეს.
პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა - 16 და 17 წლის მოზარდები, რომლებიც გარდაცვლილის მეგობარმა ამოიცნო. განზრახ ძალადობა, რომელსაც სიკვდილი მოჰყვა - ამ მუხლით ორივე მათგანს ბრალი უკვე წარედგინა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელიასის მკვლელი არასრულწლოვნები, აქამდე ძალადობისთვის ნასამრთლევი უკვე იყვნენ და პოლიციამ ეს იცოდა. საფრანგეთში ამ ტრაგედიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ელიასის ხსოვნის პატივსაცემად, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ამ შაბათ-კვირას ქვეყნის ყველა სტადიონზე მატჩები წუთიერი დუმილით დაიწყება.
ეს ტრაგედია საფეხბურთო საზოგადოებისთვის მტკივნეული იყო. ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ელიასის მშობლებსა და მის ახლობლებს",
- ნათქვამია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.