მიქაუტაძე: ხვალ უნდა მოვიგოთ და ტურნირზე ბოლომდე გავიდეთ
ხუთშაბათს ევროპა ლიგის ფაზის ბოლო ტური გაიმართება. გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „ლუდოგორეცს“ უმასპინძლებს. ფრანგული კლუბი როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეა მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. პიერ საჟი დაითხოვეს და დროებით მწვრთნელად ხორხე მასიელი იმუშავებს, შემდეგ კი გუნდს პაულუ ფონსეკა ჩაიბარებს.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მედიასთან მიქაუტაძემ ისაუბრა და ბევრ კითხვას გასცა პასუხი.
„რა თქმა უნდა, ამან ჩვენზე იმოქმედა. რაც გასულ წელს საჟმა შეძლო, ეს ბრწყინვალე იყო. მისი დიდი დამსახურებაა, რომ გუნდი დღეს ევროპა ლიგაზეა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მწვრთნელის გარეშე ვიმყოფებით, გუნდი ჩვეულებრივ ემზადება. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ხვალ უნდა მოვიგოთ და პლეი-ოფში გავიდეთ. ჩვენი მიზანი ტურნირზე ბოლომდე გასვლაა.
დიახ, ბოლო დროს გუნდი ისე ვერ თამაშობდა როგორც ჩვენგან მოელიან, მაგრამ არც ვმარცხდებოდით, ესეც აღსანიშნავია. ჩვენი ამჟამინდელი მეტოქის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. ჩვენთვის მთავარი ლიონია და ხვალ უნდა გავიმარჯვოთ.
ფონსეკა? არ ვიცნობ მას და არ ვიცი როგორი ტაქტიკის მოყვარულია და როგორ ათამაშებდა მის წინა კლუბებს. მე მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობ, შემდეგ კი ვნახავთ ახალი მწვრთნელი როგორი ფეხბურთის თამაშს მოითხოვს ჩვენგან.
ჩემი და ლაკაზეტის დუეტი? დიახ, მართალია, რომ ერთად თამაში შეგვიძლია. ვნახავთ ახალი მწვრთნელი რა გადაწყვეტილებას მიიღებს“.
შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „ლუდოგორეცის“ მატჩი ხვალ 23:55-ზე დაიწყება. მიქაუტაძის გუნდი შვიდი ტურის შემდეგ 14 ქულით მე-5 პოზიციაზეა და მოწინავე რვა გუნდში მოსახვედრად ბოლო შეხვედრის მოგება სჭირდება.