“10 ნომრით არ ვთამაშობ“ - ენრიკე შტუტგარტთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში პარი სენ ჟერმენი სტუმრად შტუტგარტს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ენრიკე:
„ჩვენ მზად ვართ! ჩემპიონთა ლიგა მთელი გუნდისთვის მოტივაციაა. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვითამაშოთ ერთნაირად და ვიყოთ მზად. ჩვენი მენტალობა პირველივე წუთიდან უნდა ვაჩვენოთ. არ ვნერვიულობ. ზოგადად, ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩზე მშვიდად ვარ. ამ ფორმატმა ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზა და ყველაფრისთვის მზად ვარ. ჩვენი მეტოქე ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს.
ვფიქრობ, აქამდე სახლში ჩატარებული ყველა მატჩი უნდა მოგვეგო. სამწუხაროდ, დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლეთ. ჩვენ ხვალ ფრეზე სათამაშოდ არ გავალთ. ეს ჩემს სტილში არ ზის. მიზანი გამარჯვებაა. გვყავს ისეთი გუნდი, რომელიც ყველა ეტაპზე წინ უნდა წავიდეს. კონკურენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი გუნდისთვის, რადგან ასე ბევრად უკეთესები ვხდებით.
პარი სენ ჟერმენზე ყოველთვის დიდი ზეწოლაა. ყველამ იცის, რომ ჩვენი დონის დასამტკიცებლად გამარჯვებებია საჭირო. არ გეტყვით რა იქნება ჩვენი მთავარი საკვანძო იარაღი, რადგან ამას მათი მწვრთნელი გაიგებს. 10 ნომრით არ ვთამაშობ, სივრცეებს განსხვავებულად ვიკავებთ. 7 შემტევი ფეხბურთელი გვყავს 3 განსხვავებული პოზიციისთვის. მთავარი მრავალფეროვნებაა.“
შეგახსენებთ, რომ არის ალბათობა, რომ პარი სენ ჟერმენი 24 გუნდს შორის ვერ მოხვდეს. ამის გამოსარიცხად გერმანული გუნდის დამარცხებაა საჭირო. ამ მომენტისთვის, ენრიკეს გუნდი 11 ქულით 22-ე ადგილს იკავებს.
ასევე შეგახსენებთ, ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელია ვერ მიიღებს, რადგან ის ზაფხულში გადაგზავნილ განაცხადში არ იმყოფება. განაცხადის განახლება ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუ პარი სენ ჟერმენი პლეი-ინში გავა, ქართველი ფეხბურთელი ახალ განაცხადში მოხვდება და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს.