ფლიკი: ლა ლიგა პრიორიტეტია, ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე რთულია
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში, „ბარსელონა“ ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს. მატჩამდე კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა.
„გასპერინის დიდ პატივს ვცემ, მისი გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ბევრ გოლს იტანს. მათ მაგალითზე ხედავთ, თუ რა შედეგი მოაქვს ნდობას.
რომელი უფრო მნიშვნელოვანი ტურნირია ჩვენთვის? ჩემთვის პირადად ლა ლიგა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი მოგებაც ბარსელონას შეუძლია, ჩვენ მთელი სეზონი მისკენ ვისწრაფვით. ვნახოთ რა მოხდება.
სუპერთასი, ესპანეთის თასი თუ ჩემპიონთა ლიგა ასევე არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველაზე რთულია, რადგან იქ ძალიან ბევრი ძლიერი გუნდია. ხვალ გვინდა გავიმარჯვოთ და ამ ეტაპზე საუკეთესო ადგილი დავიკავოთ.
ტრანსფრები? ახლა ვინ წავა ან ვინ შეიძლება დავიმატოთ, ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დე იონგი ჩვენთან არის და პროგრესირებს. მას 6-იანზე და 8-იანზე თამაში შეუძლია. ის ბოლო დროს კარგად გამოიყურება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემს ხელთ არსებული კონტინგენტით კმაყოფილი ვარ. ამ გუნდით შეგვიძლია ყველაფრისთვის ვიბრძოლოთ.
ჩვენი მიზანი ამჟამინდელი პოზიციის შენარჩუნება და მეორე ადგილის დაკავებაა. იტალიური გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, რადგან მათ ყოველთვის ძლიერი დაცვითი გუნდები ჰყავთ. ისინი მოედანზე ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან. დიახ, ლუკმენი დააკლდებათ, მაგრამ გასპერინი თავის გუნდს კარგად იცნობს და არ მგონია, რომ სათამაშო სტილი შეცვალოს“.
„ბარსელონა“ 18 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ 3 ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურის წინ 1/8-ფინალში თამაში მხოლოდ ამ ორ გუნდს აქვს განაღდებული. „ბარსას“ თეორიულად პირველ ადგილ გადასვლის შანსი აქვს, ასევე მეორე პოზიციის დაკარგვაც შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ახალი წესების თანახმად, ლიგის ფაზაში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვდებიან. აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ თავიანთი 3-3 ქულის აღების შემთხვევაში „ლივერპულიც“ და „ბარსაც“ ერთმანეთთან შეხვედრას ფინალამდე გამორიცხავენ.