დინამო ბათუმი
Aa
Aa

სამ მატჩში 1 გაიტანა და 9 გაუშვა | ბათუმის დინამო ვეილესთან განადგურდა

გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ’’ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, დანიურ „ვეილესთან’’ 0:4 განადგურდა.

პირველ ამხანაგურ მატჩში ბათუმის „დინამო’’ უკრაინულ „ოლექსანდრიასთან’’ 0:3 დამარცხდა, შემდეგ პოლონურ ლუბლინის „მოტორთან’’ შეხვედრა დათმო - 2:1.

სამ ამხანაგურ შეხვედრაში ბათუმურმა კლუბმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 9 გოლი გაუშვა. ამხანაგური მატჩებით დასკვნის გამოტანა რთულია, მით უმეტეს მაშინ როცა გიორგი ჭიაბრიშვილი ახალი გუნდის შენებას ახლა იწყებს, თუმცა ფაქტია გუნდს გოლის გატანა ძალიან უჭირს.

ბათუმის „დინამო’’ შემდეგ ამხანაგურ მატჩს უკრაინულ „ჟიტომირთან’’ 4 თებერვალს გამართავს. აღნიშნულ გუნდში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მარჯვენა მცველი გიორგი მაისურაძე თამაშობს.

ბათუმის „დინამოს’’ სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ „ვეილე’’ - ბათუმის „დინამოს’’ მატჩის მიმდინარეობისას მეკარის პოზიციაზე გუნდში არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა.

ასლან ბალაძე: „როცა გუნდში ორი ძლიერი მეკარეა, ეს გუნდისთვის დიდი ძალაა. კონკურენცია ლუკასაც ძალიან მაგრად გამოადგება, ისევე როგორც ლაზარეს. კონკურენციაში უფრო ძლიერები არიან. თქვენ ალბათ გახსოვთ კუპატაძისა და ალავიძის კონკურენცია. ალავიძემ ლაზარეს ისეთი კონკურენცია შეუქმნა, რომ ლაზარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდა. მეკარემ კეფაში სუნთქვა უნდა იგრძნოს. ბათუმში არაერთი ძლიერი მეკარე გაზრდილა და იმედი მაქვს მათე თურმანიძე ამ სიას შეუერთდება. ლაზარესთან და ლუკასთან კონკურენცია მათეს გააძლიერებს. ასევე, მათეს სათამაშო დრო მეორე გუნდში ექნება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია’’.

ბათუმის „დინამოში’’ ლაზარე კუპატაძე დაბრუნდა და მას ორი მეკარე დახვდა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეკარე ლუკა ხარატიშვილი და 18 წლის მათე თურმანიძე.

ფოტო: ბათუმის „დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კომპენსაციაზე შეთანხმდნენ | ბერიძე თურქეთიდან უნგრეთში ბრუნდება
კომპენსაციაზე შეთანხმდნენ | ბერიძე თურქეთიდან უნგრეთში ბრუნდება