კომპენსაციაზე შეთანხმდნენ | ბერიძე თურქეთიდან უნგრეთში ბრუნდება
გიორგი ბერიძემ თურქული „ქოჯაელი’’ დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. 27 წლის მარცხენა გარემარბს კლუბთან კიდევ 1,5-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა, თუმცა გასულ კვირას კლუბის სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ გუნდის გეგმებში ბერიძე აღარ შედიოდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ბერიძე კომპენსაციის სახით 175 000 ევროს მიიღებს.
როგორც Kocaelitv წერს, ბერიძე „უიპეშტში’’ დაბრუნდება, სადაც 2021-22 წლების სეზონის მეორე ნახევარში ბუდუ ზივზივაძესთან შესანიშნავ დუეტს ქმნიდა. ამ პერიოდში ბუდუმ უნგრეთის ჩემპიონატის 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა, ბერიძე კი 12 მატჩში 3 გოლითა და 6 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს.
CrystalSport-ის ცნობით, ბერიძის დამატება „ადანასპორს’’ სურდა, რომელიც პირველი ლიგის აუტსაიდერია. ბერიძემ ამ ვარიანტზე უარი თქვა. თურქული მედია წერდა, რომ ბერიძე ბათუმის „დინამოსთან’’ მოლაპარაკებას აწარმოებდა, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
საერთო ჯამში, ბერიძემ „უიპეშტში’’ სამი სეზონი გაატარა (2018-19, 2020-21, 2021-22), 96 მატჩში მის ანგარიშზე 33 გოლი და 20 საგოლე პასია.
ბერიძის კარიერასთან დაკავშირებით ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ 2022 წელს „უიპეშტიდან'' „ანკარაგუჯუში'' გადავიდა, თურქეთის სუპერ ლიგაში 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია მისი თამაში „ბეშიქთაშთან'', როცა ცნობილ თურქულ კლუბს ორი გოლი შეუგდო.