ოსიმენზე უარს ამბობენ? პსჟ-მ ახალი ცენტრფორვარდი შეარჩია
ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის შემდეგ, პსჟ-ს მთავარი საზრუნავი ცენტრფორვარდის დამატებაა. კლუბი უკვე დიდი ხანია ვიქტორ ოსიმენს უმიზნებს, თუმცა შესაძლოა ნიგერიელზე უარი თქვან, რადგან ლუის ენრიკეს ინტერესთა სფეროში ჯონ დურანი გამოჩნდა.
Le Parisien-ის ცნობით, ლუის ენრიკემ კლუბის მიერ შერჩეული ბევრი ვარიანტი დაიწუნა. როგორც ცნობილი ხდება, ოსიმენიც უფრო მეტად ხელმძღვანელობას მოსწონდა, ვიდრე მწვრთნელს. ამჯერად კი ყველასათვის მისაღებ ვარიანტს მიაგნეს.
„ასტონ ვილას“ 21 წლის კოლუმბიელი ფორვარდის მიმართ სიმპათიები ენრიკესაც აქვს. როგორც წყარო წერს, ესპანელი სპეციალისტი კლუბს დაეთანხმა, რომ დურანის შესაძენად მისი თანხმობა ექნებათ.
ცნობილი ხდება, რომ ტრანსფერზე პარიზელები ამ ზამთარს არ იბრძოლებენ. დურანის გაფორმება ზაფხულში იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ოსიმენთან ერთად ლუის ენრიკემ „სპორტინგის“ ბომბარდირი ვიტორ გიოკერეშიც დაიწუნა.
რაც შეეხება დურანს, ტრანსფერმარკტის მონაცემებით, მისი ღირებულება 40 მილიონი ევროა. კოლუმბიელმა „ასტონ ვილას“ მაისურით ამ სეზონში უკვე 29 ოფიციალური მატჩი ჩაატარა (ყველა ტურნირზე) და 12 გოლი გაიტანა.