ალკარასს გაუსწრო - სინერის სამიდან სამი
2025 წლის პირველი დიდი სლემის გათამაშება იანიკ სინერის გამარჯვებით დასრულდა. 23 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა ეს ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო და თუ შარშანდელ სეზონში დანილ მედვედევს აჯობა, წელს გადამწყვეტ შეხვედრაში ალექსანდრ ზვერევზე ძლიერი აღმოჩნდა. სინერმა ფინალში ისე გაიმარჯვა, რომ მის მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია, რაც აქამდე ოცდამეერთე საუკუნეში მის გარდა მხოლოდ ორმა ჩოგბურთელმა მოახერხა - როჯერ ფედერერმა 2003 წლის უიმბლდონზე და რაფაელ ნადალმა 2017 წლის ამერიკის ღია პირველობაზე.
საჩოგბურთო სამყაროში უეცრად შემოჭრილი წარმოუდგენლად დიდი მონაცემების მქონე იტალიელის მიღწევები ამით არ ამოიწურება - სინერს რეიტინგის ტოპ-ათეულის წარმომადგენლებთან ზედიზედ 10 მატჩი ისე აქვს მოგებული, რომ სეტიც არ დაუთმია. იანიკმა სამჯერ ალექს დე მინორი, ორ-ორჯერ დანილ მედვედევი და ტეილორ ფრიცი, თითოჯერ კი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ალექსანდრე ზვერევი და კასპერ რუუდი დაამარცხა.
ფაქტი ერთია, რომ დიდი სლემის გადამწყვეტ შეხვედრებში აპენინელი საოცრად დამაჯერებელია და მან თავისი საწყისი სამივე ფინალი მოიგო, რითაც ჯიმი კონორსს ბიორნ ბორგს, სტეფან ედბერგს, გუსტავო კუერტენს, როჯერ ფედერერს, სტენ ვავრინკასა და კარლოს ალკარასს გაუთანაბრდა. საწყისი ფინალების მოგებით სინერი ალკარასს თუ გაუთანაბრდა, კორტებზე გამომუშავებული თანხით უკვე აჯობა. ავსტრალიის ღიაზე გამარჯვებით იტალიელმა 2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რის შემდეგაც ჩოგბურთში მიერ მიერ მოპოვებულმა ჰონორარმა 39 მილიონ 449 ათასი შეადგინა და ალკარასს (38 275 მლნ) მცირედით გაუსწრო.