ჩავი მუშაობას მალე განაახლებს - ესპანელის ახალი ვარიანტი
21 ტურის განმავლობაში „იუვენტუსი“ იტალიის წლევანდელ სეზონში წაუგებლად ასპარეზობდა და პირველი მარცხი გასულ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდთან, „ნაპოლისთან“ იწვნია. მსგავსი შედეგის მქონე ნებისმიერი კლუბის მთავარი მწვრთნელის განთავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არც ერთ ვარიანტში არ უნდა იდგეს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 21 ტურში „ბებერ ქალბატონს“ მხოლოდ 8 მოგება ჰქონდა და 13 ფრე, ტიაგო მოტას მუშაობით კმაყოფილი ვერავინ დარჩებოდა.
სწორედ აქედან გამომდინარე, ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ ინფორმაციით, პიემონტელები მოტას გაშვებასა და მის ნაცვლად ჩავი ერნანდესის მოწვევას სრული სერიოზულობით განიხილავენ. ეს უკანასკნელი 2024 წლის მაისის შემდეგ უმუშევარია და მისი ბოლო სამუშაო ადგილი „ბარსელონა“ იყო, რომელსაც ესპანეთის ლა ლიგა და ქვეყნის სუპერ თასი მოაგებინა.
შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ „იუვენტუსი“ 37 ქულით მეხუთე ადგილზეა და წლევანდელ სეზონში ოქროს მედლებისთვის ბრძოლის მიზერული შანსი აქვს, რადგან ლიდერ „ნაპოლის“ 16 ქულით ჩამორჩება.