ეს ყველაფერი ნორმალურად არ მეჩვენება - კაპელოს კრიტიკა კონსეისაუს
„მილანი“ – „პარმას“ მატჩის შემდეგ, კლუბის მთავარ მწვრთნელ სერჟიო კონსეისაუსა და ფეხბურთელ დავიდე კალაბრიას შორის მომხდარ ინციდენტზე იტალიურ სპორტულ მედიაში უამრავი რამ დაიწერა. ჟურნალისტებმა სკანდალურ ეპიზოდზე აზრი რამდენიმე ცნობილ საფეხბურთო მოღვაწეს ჰკითხეს და მათ შორის ყველაზე კატეგორიული ფაბიო კაპელო გახლდათ, რომელმაც კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე მკაცრად გააკრიტიკა.
რას ამბობს კაპელო
ეს ყველაფერი არანორმალური მოვლენაა, როდესაც მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელს პრეტენზიებს, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს, საჯაროდ, ყველას თვალწინ უყენებს. ფეხბურთში კამათი და ჩხუბი ხშირად ხდება - ამას მე ვერავინ მასწავლის, მაგრამ ყოველივე ეს შიდა სამზარეულოში უნდა დარჩეს.
მატჩის შემდგომ მიცემულ ინტერვიუებში როგორც კონსეისაუმ, ასევე კალაბრიამ აღნიშნეს, რომ კონფლიქტი ამოწურულია, რისიც პირადად მე ნამდვილად არ მჯერა. თუ სიტუაცია რეალურად არ დაწყნარდა, ეს ყველაფერი სიმპტომატურ ხასიათს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ კაპელო „მილანის“ ყოფილი დამრიგებელია - ის როსონერის 90-იანი წლების დასაწყისში ამზადებდა და ლომბარდიელებს 4-ჯერ სკუდეტო, 3-ჯერ იტალიის სუპერ თასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერ თასი მოაგებინა.