ინძაგიმ ალეგრის აჯობა - ლაუტარო მეორე ადგილზე გადავიდა
იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ინტერი“ სერია A-ში წლევანდელ სეზონშიც მაღალ დონეზე გამოიყურება. მართალია ნერიაძური სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა, თუმცა ლიდერ „ნაპოლისთან“ შედარებით მატჩით ნაკლები აქვს გამართული, რომლის მოგების შემთხვევაშიც პარტენოპეის ქულებით გაუთანაბრდება.
გუშინ „ლეჩესთან“ (4:0) გამართული შეხვედრა დასამახსოვრებელი იყო შავ-ლურჯების დამრიგებლისთვის - სიმონე ინძაგიმ იტალიის ჩემპიონატში მე-200 მატჩი მოიგო და მას ამის გასაკეთებლად მხოლოდ 332 თამაშის გამართვა დასჭირდა, რითაც აქამდე ერთპიროვნული რეკორდსმენის, მასიმილიანო ალეგრის მიღწევა გააუმჯობესა - „მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილ მესაჭეს ანალოგიური რეზულტატისთვის 338 შეხვედრის ჩატარება მოუწია.
არანაკლებ წარმატებული იყო ჩემპიონატის უკანასკნელი მატჩი ლაუტარო მარტინესისთვის - მან გარდა იმისა, რომ ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა, ასისტენტობა დენზელ დუმფრისს გაუწია. არგენტინელი ფორვარდისთვის ეს „ინტერის“ რიგებში 112-ე ბურთი იყო, რითაც თანამემამულე მაურო იკარდის გაუსწრო და ლეგიონერებს თუ ჩავთვლით, ახლა მასზე წინ მხოლოდ იშტვან ნიერშია (133).
კვირას, „მილანთან“ გასამართ „დერბი დე ლა მადონინას“ „ინტერი“ იტალიის ჩემპიონატში 17-მატჩიანი (13 მოგება, 4 ფრე) წაუგებელი სერიით ხვდება. საინტერესო კი ის ფაქტი გახლავთ, რომ ნერიაძური სერია A-ში უკანასკნელად 22 სექტემბერს, სწორედ თანაქალაქელ როსონერისთან დამარცხდა.