ბარსელონელთა მიღწევები - 101 გოლი 32 მატჩში
„ბარსელონა“ წლევანდელ სეზონში რამდენადაც სანახაობრივი და შთამბეჭდავია, იმდენად არასტაბილური გუნდია. კატალონიელებს შეუძლიათ ერთ დღეს მადრიდის „რეალი“ დიდი სხვაობით დაამარცხონ, შემდეგ კი „ლას პალმასის“ დონის მეტოქესთან წააგონ. თუმცა ფაქტია, ჰანსი ფლიკის მომზადებულ კლუბს გუშინ, „ვალენსიას“ 7:1 დამარცხების შემდეგ, წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 101 გოლი დაუგროვდა და აქედან 15 თამაში გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო.
„ღამურებთან“ შესვენებაზე „ბლაუგრანა“ 5-ბურთიანი უპირატესობით გავიდა და უკანასკნელად კლუბს პირველი ნახევარი 5:0 ათი წლის წინ „ხეტაფესთან“ ჰქონდა მოგებული, სადაც საბოლოო ჯამში 6:0 გაიმარჯვა. შეტევაში შთამბეჭდავი ასპარეზობის ფონზე, „ბარსას“ დაცვის ხაზის დალაგება აშკარად უჭირს და ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 10 ტურია მინიმუმ ერთ გოლს მაინც უშვებს - რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, კატალონიელებმა მშრალად საკუთარი კარი ბოლოს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეინახეს, სადაც „რეალს“ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
„ბარსელონა“ – „ვალენსიას“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ 21 წლისა და 260 დღის ფერმინ ლოპესი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 2 გოლი და 2 საგოლე პასია. ერთ შეხვედრაში მსგავსი შედეგიანობა „ბლაუგრანას“ რიგებში მასზე ახალგაზრდა ფეხბურთელს მხოლოდ ერთხელ ჰქონდა დაფიქსირებული - 2008 წელს, „ვალიადოლიდთან“ მოგებულ მატჩში, 17 წლის და 208 დღის ბოიან კრკიჩმა თავი ასევე 2 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა. ასევე აღსანიშნავია რაფინიას შედეგიანი ასპარეზობა, რომელსაც უგოლოდ არც „ვალენსიასთან“ შეხვედრა დაუტოვებია და ყველა ტურნირზე 26 გოლთან ერთად, 9 საგოლე პასიც დაუგროვდა.
ბრაზილიელის მსგავსად, არაჩვეულებრივ ფორმაშია 17 წლის ტალანტი ლამინ იამალი, რომლის ანგარიშზეც 27 მატჩში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ კი ლა ლიგაში 4-მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა - 36 წლის პოლონელი როგორც ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში ბომბარდირთა დავის ლიდერია და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 შეხვედრაში მის ანგარიშზე 29 გოლია.