კოკაინის კონტრაბანდა და დისტრიბუცია | რაჯა ნაინგოლანი დაკავებულია
„ინტერისა“ და „რომას“ ყოფილი ფეხბურთელი, რაჯა ნაინგოლანი დაკავებულია. ამ ინფორმაციას ბელგიური და ნიდერლანდური გამოცემები ავრცელებენ და წერენ, რომ 36 წლის ნახევარმცველი, რომელიც „ლოკერენ-ტემსეს“ ღირსებას იცავს, დღეს დილით დააპატიმრეს.
გამოძიება კოკაინის კონტრაბანდის თაობაზე მიმდინარეობს და ანტვერპენსა და ბრიუსელში, სამართალდამცველებმა ოცდაათამდე სახლი გაჩხრიკეს. ნაინგოლანს სხვა ნივთებთან ერთად, ავტომობილი ჩამოართვეს. De Telegraaf-ის მიხედვით, რაჯას ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი, ნარკოტიკების კონტრაბანდაში ბრალდებული პირია, რომელიც ჰეზბოლასთვის მუშაობდა.
„გამოძიება ეხება კოკაინის სამხრეთ ამერიკიდან, ანტვერპენის პორტის გავლით, ევროპაში შეტანისა და ბელგიაში გასაღების ფაქტებს. გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება მიმდინარეობს, სხვა კომენტარი არ გაკეთდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბელგიური პრესის ინფორმაციით, ღამის კლუბებში, ნაინგოლანს ხშირად ხედავდნენ ნარკოტიკულ სამყაროსთან ახლოს მყოფ ადამიანებთან ერთად. ამ მომენტისთვის, უცნობია, ფეხბურთელს რა სასჯელი ემუქრება.