პირველ გუნდში თამაშს იმსახურებს | ფედელე დაჩი ლორთქიფანიძეზე
Pianeta Serie B „კრემონეზეს’’ 19 წლის ქართველი ფეხბურთელის, დაჩი ლორთქიფანიძის თამაშს ეხმაურება. ჟურნალისტი ფრანჩესკო ფედელე დაჩის პროგრესს ხაზს უსვამს, რომ ნიჭიერი ქართველი მოთამაშე ჩამოყალიბდა, დაღვინდა და პირველ გუნდში თამაშისთვის მზადაა. ფედელე დაჩის კარიერას მიმოიხილავს და თვლის, რომ პირველ გუნდში სათამაშო დროს იმსახურებს: „დაჩი იმსახურებს ამ ნახტომის საშუალება მისცენ''.
დაჩი „კრემონეზეს’’ 20-წლამდე გუნდის კაპიტანია, პრიმავერა 1-ში თამაშობს. მიმდინარე სეზონში „კრემონეზეს’’ პირველი გუნდის სამატჩო განაცხადში მხოლოდ ერთხელ, „კატანძაროსთან’’ მოხვდა, თუმცა არ უთამაშია.
პრიმავერას ბოლო სამ ტურში „ლაციოსთან’’, „ფიორენტინას’’ და „მილანთან’’ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. „ლაციოსთან’’ მოგებულ შეხვედრაში საგოლე პასი შეასრულა, შესანიშნავად იმოქმედა.
გასულ სეზონში „კრემონეზეს’’ 19-წლამდე გუნდს კაპიტნობდა, გუნდმა პრიმავერა 2 მოიგო, რაშიც დაჩიმ დიდი წვლილი შეიტანა. ზაფხულში „კრემონეზეს’’ მთავარ გუნდთან ერთად შეკრება პირველად გაიარა, ამხანაგურ მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დაჩის საქართველოს 16, 17,18, 19 და 20-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. გასულ წელს რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მიიწვია, ხორვატიასთან მოგებულ ისტორიულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ასევე გეტყვით, რომ დაჩის უფროსი ძმა, 23 წლის დავით ლორთქიფანიძე სერია D-ს „რავენაში’’ თამაშობს, ამ სეზონში 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. „რავენა'' საინტერესო კლუბია, ვიცე-პრეზიდენტი ლეგენდარული არიედო ბრაიდაა, რომელიც „მილანში'' კახა კალაძესთან და „კრემონეზეში'' ლუკა ლოჩოშვილთან მუშაობდა. ბრაიდა 1986-2002 წლებში „მილანის'' აღმასრულებელი დირექტორი იყო, შემდეგ კი მილანურ კლუბში სპორტული დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა, 2002-2013 წლებში. მოკლედ, მილანური კლუბის დიდი წარმატებების მონაწილეა.