ზედიზედ მეორე მარცხი - ვირტუსმა სასარისთან წააგო
წლევანდელ სეზონში „ვირტუსის“ არადამაჯერებელი თამაში გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, ევროლიგაში „მონაკოსთან“ (80:86) განცდილ მარცხს, იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის XVII ტურში „სასარისთან“ (68:76) წაგება მოყვა. თორნიკე შენგელია იმ თამაშებშიც კი, სადაც ბოლონიური კლუბი მარცხდება, მაღალ დონეზე გამოიყურება, თუმცა ამჯერად მისი შედეგიანობა საკმაოდ დაბალი იყო.
საქართველოს ნაკრების 33 წლის კაპიტანმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა და მატჩი 5 ქულით, 5 მოხსნით და 8 შედეგიანი პასით დაასრულა. თოკომ ოთხიდან ორი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, პერიმეტრიდან ტყორცნა კი არ უცდია. შენგელიამ ხუთივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
12 მოგებითა და 5 წაგებით „ვირტუსი“ იტალიის პირველობის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და უკვე სამ კლუბს, „ტრაპანის“, „ბრეშასა“ და „ტრენტოს“ ჩამორჩება. მომდევნო მატჩს შენგელია და მისი თანაგუნდელები 31 იანვარს, ევროლიგის გათამაშებაში სტუმრად „ფენერბაჰჩესთან“ ჩაატარებენ, სერია A-ს შემდეგ ტურში კი 2 თებერვალს, გიგა ჯანელიძის „ვენეციას“ უმასპინძლებენ.