ლეიმას მარცხი რეალთან - ბურჯანაძე მოხსნებში საუკეთესო იყო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XVIII ტურში „ლეიმამ“ გათამაშების სატურნირო ცხრილის ლიდერ „რეალთან“ მადრიდში 16-ქულიანი სხვაობით, 74:90 წააგო და ლიგა ენდესაში ზედიზედ მეშვიდე მარცხი განიცადა, რის გამოც შესაძლოა უახლოეს პერიოდში გალისიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში სრული სერიოზულობით დადგეს.
ლა კორუნიული გუნდის ქართველმა ლეგიონერმა ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა და ამ დროში 6 ქულასთან ერთად, 7 მოხსნის, 1 შედეგიანი პასისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა. მან შვიდიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოსა და პერიმეტრის ხაზიდან კი ერთხელაც არ უსვრია. ბექა ორივე გუნდის შემადგენლობაში მოხსნებში საუკეთესო იყო და შვიდიდან ხუთ შემთხვევაში ამის გაკეთება დაცვაში, ორჯერ კი თავდასხმაში თამაშისას შეძლო, ბურთი ორჯერ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
18 ტურის შემდეგ 4 მოგებითა და 14 წაგებით „ლეიმა“ ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. ბექა ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები 1 თებერვალს, „გრან კანარიას“ უმასპინძლებენ და წარუმატებელი სერიის დასრულებას შეეცდებიან.