“რამდენიმე გაკვეთილს სწრაფად შეისწავლის“ - ფრანგული მედია კვარაზე
საფრანგეთის ლიგა 1-ში მორიგი ქართული ისტორია დაიწყო. პარი სენ ჟერმენში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა.
ქართველი ფეხბურთელი რეიმსის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და თავი საგოლე პასით დაგვამახსოვრა. კვარამ უსმან დემბელეს გაატანინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
თამაშის შემდეგ, ფრანგულმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის დებიუტზე დაწერა.
„ხვიჩა კვარაცხელიას აშკარად ეტყობოდა, რომ გუნდთან შეთამაშება აკლია, მაგრამ ეს ლოგიკურია. მიუხედავად ამისა, უსმენ დემბელეს გოლის დროს, კარგი პასით გადამწყვეტი ფეხბურთელი იყო. მატჩის დაწყებამდე ის გულშემატკივრების წინაშე ძალიან სწრაფად წარადგინეს. ჯერჯერობით ახალ გუნდთან ერთად მხოლოდ 4 ვარჯიში ჩაატარა და ყველაფერი წინ აქვს.
კვარა რამდენიმე გაკვეთილის სწრაფად შეისწავლის. მისმა ფიზიკურმა დუელმა აურელიო ბუტას წინააღმდეგ წარმოაჩინა, თუ რა ელის მას ლიგა 1-ის მატჩებში. ლოგიკურად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოედანზე საკუთარ თავს ეძებს. პირველ 45 წუთში მან 11-ჯერ დაკარგა ბურთი.
შეუძლებელი იყო, რომ საკუთარი კვალი არ დაეტოვებინა. მისი საგოლე პასი სწორედ იმ თვისებების მაგალითია, რომლის მოტანასაც იგი პარიზულ გუნდში საკუთარი დრიბლინგის წყალობით შეძლებს. რამუშის გასვლის შემდეგ, ხვიჩა ცენტრში შეიწია, სადაც ახალი გარემოს გასაცნობად ძალიან ცოტა შესაძლებლობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მატჩისშემდგომ ინტერვიუში გამოჩნდა, რომ თავად კვარაცხელია კმაყოფილი იყო.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ტრანსფერი პარიზელებს 75 მილიონი ევრო დაუჯდათ. ქართველი სუპერვარსკვლავი პსჟ-ს ისტორიაში რიგით მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
ცნობისთვის, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა ერთს 47 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. შემდეგ ტურში პსჟ ბრესტს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება პირველი თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.
კვარას მომენტები VS რეიმსი