კვარას საგოლე პასი სადებიუტო მატჩში - პსჟ-მ შინ ქულები დაკარგა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში პსჟ-მ მე-12 ადგილზე მყოფი „რეიმსი’’ მიიღო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - 1:1. ამ შეხვედრამდე პარიზულმა კლუბმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით ზედიზედ 9 შეხვედრა მოიგო. პსჟ-მ ლიდერობა შეინარჩუნა, „რეიმსი'' კი მე-13 ადგილზე დაქვეითდა.
ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა და ოთხ პოზიციაზე ათამაშა. პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა გარემარბი იყო, მეორე ტაიმში ფლანგს ხშირად ტოვებდა და გამთამაშებლის ფუნქციას ასრულებდა. გონსალუ რამუშის მოედნიდან გასვლის შემდეგ კვარამ ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გადაინაცვლა, ბოლოს კი მარჯვენა გარემარბი იყო.
პირველ ტაიმში კვარას ცუდი თამაში ჰქონდა, ინერტული იყო და გამბედაობა აკლდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გააქტიურდა, 47-ე წუთზე შესანიშნავად იმოქმედა და მისი პასის შემდეგ უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა. 56-ე წუთზე, მას შემდეგ რაც კვარას დარტყმა „რეიმსის’’ მეკარემ აიღო, სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დასრულდა, ნაკამურამ ანგარიში გაათანაბრა.
კვარას პარიზულ კლუბში სადებიუტო მატჩში ბურთთან 69 შეხება ჰქონდა, 43-დან 39 პასი ზუსტად შეასრულა. მის აქტივში 2 საკვანძო გადაცემაა. დრიბლინგის 6 მცდელობიდან 2 წარმატებული იყო. მინდორზე 17-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე ორივე დუელი დათმო. შეტევაში ბურთი 20-ჯერ დაკარგა. თამაშის წესი ორჯერ დაარღვია და მის წინააღმდეგ ასევე ორჯერ დაჯარიმდნენ.
კვარას საუკეთესო მომენტები
საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პსჟ-მ 19 ტურში 47 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან „მარსელს'' 10 ქულით უსწრებს, „მარსელს'' ერთი თამაში აქვს მარაგში.
ენრიკეს გუნდი მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე „შტუტგარტთან'' ჩაატარებს (30 იანვარი, 00:00), შემდეგ კი ლიგა 1-ის მომდევნო ტურში „ბრესტს'' ესტუმრება (პირველი თებერვალი).