“კვარას ოცნება აქ თამაში იყო“ - ზურიკოს ვრცელი ინტერვიუ L'equipe-თან
როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. სულ ცოტა ხნის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენში ტრანსფერი გაოფიციალურდა.
ამ და სხვა საკითხებზე ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა L’equipe-ს ზურიკო დავითაშვილი ესაუბრა.
ზურიკო:
„ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენში გადასვლა ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ვიცოდი, რომ პარიზში მიდიოდა. კარგია, ახლა საფრანგეთში 3 ქართველი თამაშობს. ეს საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.
მე და ხვიჩა ერთმანეთს 10 წლიდან ვიცნობთ. ბევრ კლუბში ერთად გვითამაშია. პირველად თბილისის დინამოს აკადემიაში ვითამაშეთ, შემდეგ დავშორდით და სხვადასხვა გუნდებში წავედით. გარკვეული დროის შემდეგ, ბათუმის დინამოში აღმოვჩნდით და ეროვნულ ნაკრებში უკვე წლებია პარტნიორები ვართ. კვარა ჩემი შვილის ნათლიაა. ის ჩემთვის ძმასავით არის.
პირველ რიგში, ის ნამდვილი პროფესიონალია და თავისი საქმე უყვარს. კვარა დიდ ენერგიას ხარჯავს. ის არის ადამიანი, რომელიც ბევრს ვარჯიშობს და საკუთარ თავზე მუშაობს. მოედანზე კი ყოველთვის ყველაფერს აკეთებს. მისი ერთ-ერთ გამორჩეული თვისება ორივე ფეხით თამაშია. ჩემი აზრით, ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა გარემარბია. მას ბევრი რამ აქვს საერთო იმასთან, რაც ნაპოლიმ ბოლო წლებში გააკეთა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სერია ა-ში წარმატებას მიაღწევდა.
დარწმუნებული ვარ, ლიგა 1-შიც მიაღწევს წარმატებას. ის აქ თამაშზე ოცნებობდა, ადაპტაციის პრობლემა არ შეექმნება, რადგან ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. როგორც ადამიანს, ძალიან სასიამოვნო ხასიათი აქვს და თბილია. შვებულებას ყოველთვის ერთად ვატარებთ. განსაკუთრებით გვიყვარს ფიფა-ს თამაში და სულ ვუგებ. ხანდახან ისიც იგებს, მაგრამ უფრო ხშირად მე.
ჩვენი გუნდების დაპირისპირება? მის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებ. შეიძლება ცხოვრებაში ახლოს ვიყოთ, მაგრამ მოედანზე გასვლისას ამას განზე ვტოვებთ. ყველა თავისი გუნდისთვის თამაშობს. ასეთი გამოცდილება უკვე გვაქვს, როდესაც მე ტულაში ვთამაშობდი ის კი რუბინში. ახლა კარგი შანსი გვაქვს ერთმანეთის წინააღმდეგ საფრანგეთში ვითამაშოთ.“
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდა. მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით არ შედგა, რადგან 2024 წლის ზაფხულში გადაგზავნილი განაცხადი განახლებული არ არის. განაცხადის განახლება ჩემპიონთა ლიგის ფაზის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, ზურიკოს და ხვიჩას გუნდები ერთმანეთს მიმდინარე წლის 30 მარტს დაუპირისპირდებიან.