საინტერესოა, ჯანმრთელ იანს თუ დაამარცხებს - რუსები დვალიშვილის მომდევნო ბრძოლაზე
საჩემპიონო ქამრის წარმატებით დაცვისა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უმარ ნურმაგომედოვის დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ საკუთარ თავს ამ ეტაპზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლად თვლის, რის გამოც მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება მისი მომდევნო მეტოქე.
ბევრი თვლის, რომ უახლოეს თვეებში ქართველი „მანქანისა“ და შონ ომალის რემატჩი შედგება. თუმცა, რუსული სპორტული საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ უფრო გამართლებული იქნება, თუ UFC-ის ხელმძღვანელები დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლას ჩანიშნავენ.
რას წერენ დვალიშვილზე
მერაბმა განაცხადა, რომ შონ ომალი კიდევ ერთი შანსის მიცემას იმსახურებს და ისიც დააყოლა, რომ თუ „შუგა“ ტაქტიკას შეცვლის, შესაძლოა მათ შორის კარგი ბრძოლა შედგეს.
ფაქტი კი ის არის, რომ შონი ოქტაგონზე დაბრუნებას არ ჩქარობს და შესაძლოა კიდევ ერთი წელი დაისვენოს, რაც დვალიშვილის გეგმებს ცვლის. რა გამოსავალი რჩება ქართველს? პიოტრ იანთან დაპირისპირება უნდა შედგეს.
თავად მერაბმა დააანონსა, რომ ძალიან უნდა 2025 წელს კიდევ სამი ბრძოლა გამართოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მომდევნო დაპირისპირება მარტსა ან აპრილში უნდა ჩატარდეს. როგორია მოცემულობა? უმარი ხელის მოტეხვის გამო ნახევარი წელი ვერ დაბრუნდება, ომალი ისვენებს და რჩება იანის ვარიანტი.
იანთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულება იმის დასტურია, რომ დენა უაითს მისი შესაძლებლობების ბოლომდე სჯერა. პიოტრმა მიყოლებით სონგ იანდონგი და დეივისონ ფიგერედო დაამარცხა.
ის აცხადებს, რომ დვალიშვილთან ბრძოლის დროს სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ქართველის მოტივაციის წყაროც ეს უნდა გახდეს, რომ მას ჯანმრთელსაც შეუძლია იანის ძლევა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი უკანასკნელად 2023 წლის 12 მარტს, ლას ვეგასში დაუპირისპირდნენ და ხუთრაუნდიან ბრძოლაში ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.