16 ქულა პროვანსთან - აბჟანდაძემ ორიაკს მოაგებინა
თედო აბჟანდაძემ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. მეორე დივიზიონის XVIII ტურში „ორიაკმა“ საკუთარ სტადიონზე „პროვანსი“ 10-ქულიანი სხვაობით, 26:16 დაამარცხა და ოცდაექვსიდან თექვსმეტი ქულა საქართველოს ნაკრების მორაგბის ანგარიშზე იყო. მან ზუსტად ოთხი საჯარიმო და ორი გარდასახვა შეასრულა. განსაკუთრებით ნაყოფიერი აბჟანდაძისთვის შეხვედრის პირველი ტაიმი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 12:3 მოიგეს და თორმეტივე ქულა ოთხი სტანდარტით გუნდს ქართველმა მოთამაშემ მოუტანა.
25 წლის აბჟანდაძე ნახევარი წელია „ორიკის“ ღირსებას იცავს, იქამდე კი ქუთაისის „აიასა“ და საფრანგეთის კლუბებში, „ბრივსა“ და „მონტობანში“ აქვს ნათამაშები. წლებია ის საქართველოს ნაკრების უცვლელი წევრია, გამორჩეული შეხვედრა მისთვის და ბორჯღალოსნებისთვის ბათუმში იტალიის ეროვნულ გუნდთან მოგებული ისტორიული ტესტ- მატჩი იყო, სადაც თედომ ეფექტური ლელო დადო.
18 ტურში დაგროვებული 34 ქულით „ორიაკი“ საფრანგეთის 16-გუნდიან მეორე დივიზიონში მეცამეტე ადგილზეა. მომდევნო მატჩს აბჟანდაძე და მისი თანაგუნდელები 30 იანვარს, ისევ საკუთარ სტადიონზე „მონ-დე-მარსანთან“ გამართავენ.