„მეგონა, რომან კოპილოვთან უნდა მეჩხუბა...“ - ვეტორი დოლიძესთან ჩხუბზე
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის იტალიელმა მებრძოლმა, მარვინ ვეტორიმ რომან დოლიძის წინააღმდეგ ჩანიშნულ ჩხუბთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
„მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ რომან კოპილოვთან ჩხუბზე იყო საუბარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რომან დოლიძეს ვეჩხუბები. პრობლემა არაა, განსხვავებული გვარია, მაგრამ შედეგი იგივე იქნება“, - დაწერა ვეტორიმ სოციალურ ქსელში.
lol this whole time I thought it’s Roman kopylov but it’s actually Roman dolidze
— Marvin Vettori (@MarvinVettori) January 24, 2025
All good different last name same result
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე UFC-ის ოქტაგონზე მარტში დაბრუნდება. რამდენიმე საათის წინ, „კავკასიელმა“ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ორთაბრძოლის თაობაზე კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
დოლიძესა და იტალიელს აქამდე უკვე უჩხუბიათ და მარვინმა მსაჯების ძალიან საკამათო გადაწყვეტილებით იმარჯვა.
ვეტორის კარიერაში 27 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 19 გამარჯვებაა. იტალიელმა 2-ჯერ ნოკაუტით, 9-ჯერ საბმიშენით, 8-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მას კარიერაში 7 წაგება აქვს - შვიდივე მსაჯების გადაწყვეტილებით.
რაც შეეხება დოლიძეს (14-3), მას ზედიზედ ორი გამარჯვება აქვს. 2024 წელს, მან სამი ჩხუბი გამართა და ნასურდინ იმავოვთან მარცხის შემდეგ, ენტონი სმიტსა და კევინ ჰოლანდს მოუგო.