ვის შეხვდება რომან დოლიძე | კავკასიელი რევანშის აღებას შეეცდება
რომან დოლიძე UFC-ის ოქტაგონზე მარტში დაბრუნდება. რამდენიმე საათის წინ, „კავკასიელმა“ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ორთაბრძოლის თაობაზე, კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
ახლახან, ცნობილი გახდა მეტოქე, რომელსაც დოლიძე დაუპირისპირდება. ავტორიტეტული ჟურნალისტის, მარსელ დორფის ინფორმაციით, „კავკასიელი“ მარვინ ვეტორის შეხვდება. დოლიძესა და იტალიელს აქამდე უკვე უჩხუბიათ და მარვინმა მსაჯების ძალიან საკამათო გადაწყვეტილებით იმარჯვა.
ვეტორის კარიერაში 27 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 19 გამარჯვებაა. იტალიელმა 2-ჯერ ნოკაუტით, 9-ჯერ საბმიშენით, 8-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. მას კარიერაში 7 წაგება აქვს და ყველა ჯერზე, ორთაბრძოლა ბოლომდე ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ დოლიძეს ზედიზედ ორი გამარჯვება აქვს. 2024 წელს, მან სამი ჩხუბი გამართა და ნასურდინ იმავოვთან მარცხის შემდეგ, ენტონი სმიტსა და კევინ ჰოლანდს მოუგო.