მაქსიმალურად გაექეცით - უიტეკერის რჩევა ჩიმაევის მეტოქეებს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა რობერტ უიტეკერმა ერთ-ერთი სპორტული მედიის წარმომადგენლის შეკითხვაზე, თუ რომელ ბრძოლაში გაუჭირდა განსაკუთრებით საკუთარი თვისებების წარმოჩენა, ერთმნიშვნელოვნად ხამზატ ჩიმაევთან დაპირისპირება გამოარჩია, რომელიც UFC 308-ზე გაიმართა და სადაც დაუმარცხებელმა ჩეჩენმა მებრძოლმა მტკივნეული ილეთით გაიმარჯვა.
რობერტ უიტეკერი
ყველაზე მეტად ხამზატის თეიქდაუნმა გამაოცა. ფეხებში შესვლა მან თითქმის 2-მეტრიანი დისტანციიდან მოახერხა და შემდეგ უკვე რაც გააკეთა, უბრალოდ ტექნიკის საქმე იყო. ორთაბრძოლის დროს ჩიმაევი მომგებიან პოზიციას სწორად იკავებს. ამის შესახებ ვიცოდით და მსგავსი ასპექტების დახვეწაზე საწვრთნელი შეკრების დროს ვმუშაობდით. ყოველივე აქედან გამომდინარე, მიმაჩნდა, რომ მასთან დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში ვხვდებოდი.
რა შემიძლია ვურჩიო ჩეჩენის მომავალ მეტოქეებს? დისტანცია უნდა გეჭიროთ და თუ საშუალება მოგეცემათ, გაექეცით, რადგან გალიასთან თუ მიგიმწყვდიათ, მაშინვე ტერფებში შემოვა და შეეცდება თავისკენ გაგათრიოს. მისი პირველივე თეიქდაუნის მოგერიება რთულია, ძალიან რთული.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის გენერალურმა დირექტორმა დენა უაითმა უკვე დაადასტურა, რომ დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლის მომდევნო შეხვედრა სატიტულო იქნება, თუმცა მისი მეტოქის ვინაობა კონკრეტულად არ დასახელებულა.