„კოჭი აწუხებს, გუნდს ლა-კორუნიაში არ გაჰყვა“ | რას წერს AS-ი ქოჩორაზე
„ლევანტე“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი იცავს, ლა-კორუნიაში გაემგზავრა, სადაც ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში „დეპორტივოს“ დაუპირისპირდება.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი ტრავმის გამო გუნდს უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ბაყაყების“ თავკაცმა, ხულიან კალერომ განაცხადა, რომ ქოჩორაშვილს კოჭის ტრავმა აწუხებს, ამიტომ „რიასორზე“ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„ქოჩორას შემთხვევაში ვფრთხილობთ, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მას თამაში სურს, მაგრამ ყველაფერი მოგვიანებით გაირკვევა“.
გამოცემა AS-ი წერს, რომ „ლევანტეს“ ვერც ქოჩორაშვილი და ვერც ანხელ ალგობია დაეხმარება, რომელსაც მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს. მეტიც, გამოცემის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელი ვალენსიაში დარჩა.
ცნობისთვის, 23 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 39 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზეა.