წაგება ორ სეტში | ბასილაშვილი 19 წლის მეტოქესთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი პორტუგალიის ქალაქ ოეირაშში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირს გამოეთიშა. მეოთხედფინალში, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის 203-ე ნომერს, 19 წლის ალექსანდრ ბლოკშს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა.
ბასილაშვილმა მატჩი ცუდად დაიწყო და პირველივე მოწოდება დათმო, თუმცა უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2. 2:3-ზე, ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს ბრეიკის გაკეთების საშუალება კიდევ ერთხელ მისცა და ბლოკშმა პირველ სეტში საქმე ბოლომდე მიიყვანა - 6:3.
მეორე სეტის საწყის რვა გეიმში, ჩოგბურთელებმა მეტოქეებს ბრეიკპოინტის შანსიც არ მისცეს. 4:4-ზე, ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება წააგო და ბლოკშმა მატჩპოინტი ხელიდან არ გაუშვა - 6:4.
ცნობისთვის, ბასილაშვილმა აღნიშნულ ტურნირზე, პირველ შეხვედრაში რადუ ალბოტი დაამარცხა, მეორე თამაშში კი შვეიცარიელ მარკ-ანდრეა ჰუესლერს მოუგო.