Manchester Evening News: ამორიმი სატრანსფერო ბაზარზე „იუნაიტედის“ უმოქმედობით უკმაყოფილოა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი სატრანსფერო ბაზარზე კლუბის უმოქმედობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ Manchester Evening News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ამორიმს სრული ინფორმაცია არ ჰქონდა „წითელი ეშმაკების“ ფინანსური პრობლემების შესახებ, როდესაც მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნას დათანხმდა.
ამასთანავე, გამოცემის სხვა წყაროები ამ ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ კლუბში პორტუგალიელ სპეციალისტს განუმარტეს, რომ ის დრო, როდესაც ყოველ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედი“ 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს ხარჯავდა, წარსულს ჩაბარდა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერულ კლუბს უკვე ნაყიდი ფეხბურთელების სანაცვლოდ ჯერ კიდევ გადასახდელი აქვს 319 მილიონი გირვანქა სტერლინგი.
ამ დროისთვის „წითელი ეშმაკები“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-13 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს „იუნაიტედი“ 26 იანვარს, „ფულჰემის“ წინააღმდეგ გამართავს.