მერვე უიღბლობა კარიერაში - საინტერესო ფაქტები ჯოკოვიჩზე
2025 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირზე გამოსვლა ყველა დროის რეკორდსმენმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნახევარფინალურ ეტაპზე დაასრულა. გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან პირველი სეტის ტაიბრეიკზე წაგების შემდეგ, ნოლე მატჩს ჩაეხსნა, რადგან მეოთხედფინალში კარლოს ალკარასთან შეხვედრისას მიღებულმა ბარძაყის ტრავმამ შეაწუხა. თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე სერბმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იცის განაგრძობს თუ არა შოტლანდიელ ენდი მარეისთან თანამშრომლობას, რომელიც მისი მწვრთნელი იყო, რადგან მომხდარით როგორც ის, ასევე ენდი იმედგაცრუებულნი არიან.
კარიერის მანძილზე ეს ჯოკოვიჩისთვის რიგით მერვე თამაში იყო, რომელსაც ტრავმის გამო მატჩამდე, ან მატჩის მსვლელობისას ჩაეხსნა და ყველა შემთხვევაში მსგავს პრაქტიკას დიდი სლემის ტურნირებზე ჰქონდა ადგილი. როლან გაროსზე ნოლემ 2005 წელს გილერმო კორეასთან, ერთი წლის შემდეგ რაფაელ ნადალთან, ხოლო შარშან კასპერ რუუდისთან მატჩები ვერ დაასრულა. უიმბლდონზე მას ტრავმამ ხელი 2007 და 2017 წლებში იმავე ნადალთან და ტომაშ ბერდიხთან წარმატების მიღწევაში შეუშალა. თითოჯერ კი 2009 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე (ენდი როდიკთან) და 2019 წლის ამერიკის ღია პირველობაზე (სტენ ვავრინკასთან) დაშავდა.
2006 წელს როლან გაროსის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, დიდი სლემის თითოეული შეჯიბრების ამ ეტაპზე სერბი უკვე ზედიზედ 20 სეზონია აღწევს. ჩატარებული მატჩების რაოდენობით ნოლემ (434) წელს როჯერ ფედერერის რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო 30 წლის ასაკში და მის ზემოთ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე უკვე 150 მატჩი მოიგო, მსგავსი მიღწევა კი საჩოგბურთო სამყაროში მხოლოდ სერენა უილიამსს აქვს. 24 დიდი სლემიდან სერბს ნახევარი, ანუ 12 მას შემდეგ აქვს მოპოვებული, როდესაც 30 წელი შეუსრულდა. მას შემდეგ კი, როცა 35 წლის გახდა, ჯოკოვიჩმა 4 დიდი სლემის გათამაშება, 2 მასტერსი, ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი და ოლიმპიადა მოიგო.
ნოვაკს დებიუტი დიდი სლემის ტურნირებზე 2005 წელს ჰქონდა, რის შემდეგაც მსოფლიო რეიტინგის ტოპ-ათეულს მიღმა მხოლოდ სამჯერ, 2005, 2006 და 2017 წლებში დარჩა, რადგან მძიმე ტრავმის გამო სეზონის მეორე ნახევრების მთლიანად გამოტოვება მოუხდა. 37 წლის ნოლემ ორი წლის წინ, ანუ 35 წლის ასაკში ჩატარებული მატჩების 86 პროცენტი მოიგო. შედარებისთვის გეტყვით, რომ მსგავსი მაჩვენებლით კარიერის საუკეთესო წლებში მყოფი დანილდ მედვედევი (83%), ალექსანდრ ზვერევი (80%) და კარლოს ალკარასი (84%) ვერ დაიკვეხნიან.