მამუს ეფექტური ჩატენვები | სან ანტონიომ პარიზში ინდიანა გაანადგურა
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ პარიზში იმყოფება და რეგულარული სეზონის შეხვედრა საფრანგეთის დედაქალაქში გამართა. ტექსასელები „ინდიანა პეისერსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს - 140:110.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 11 წუთი და 17 წამი გაატარა და მის ანგარიშზე 6 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. სანდრომ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ორი ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა და 2 მოხსნა შეტევაში ჰქონდა.
„სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო - 30 ქულა, 11 მოხსნა, 6 ასისტი. დევინ ვესელმა 25 ქულა დააგროვა, ჰარისონ ბარნსმა - 20. „ინდიანას“ მხრიდან 24 ქულით ბენედიქტ მატურინი გამოირჩა, პასკალ სიაკამმა თავი 18 ქულას, 4 მოხსნას და 6 ასისტს მოუყარა.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 20 მოგება და 22 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს. „სპურსი“ მომდევნო შეხვედრას 25 იანვარს გამართავს და ისევ „ინდიანას“ დაუპირისპირდება.