„მორიგ გარიგებასაც ეყრება საფუძველი“ - კვარა-ოსიმენის დუეტს ისევ ვიხილავთ?
ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის შემდეგ, პსჟ ვიქტორ ოსიმენზე გადაერთო და როგორც ჩანს, ამ საქმესაც სერიოზულად უდგებიან. ნიგერიელი ფორვარდის გადასაბირებლად ბრძოლაში პარიზული კლუბი აშკარა ფავორიტად მოჩანს.
TeamTalk-ის ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის განხილვა უკვე დაიწყეს. შეთანხმების მიღწევა სეზონის ბოლოს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას არის მოსალოდნელი.
„პსჟ და ნაპოლი ოსიმენის ტრანსფერზე უკვე საუბრობენ. გარიგება ზაფხულში უნდა დაიხუროს. ფრანგული კლუბი ნიგერიელით დიდი ხანია დაინტერესებულია და გარდა ამისა, ამ ორ კლუბს კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. ეს სულ ახლახან კვარაცხელიას ტრანსფერითაც დადასტურდა და როგორც ჩანს, მორიგ გარიგებასაც ეყრება საფუძველი.
ოსიმენის გამოსასყიდი 75 მილიონი ევროა, თუმცა პარიზელებს იმედი აქვთ, რომ ნეაპოლელებს ამ თანხის ნაწილებად ეტაპობრივად გადახდაზე დაითანხმებენ“.
- წერს ბრიტანული გამოცემა.
აქვე გეტყვით, რომ ოსიმენის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ინტერესდება. რუბენ ამორიმს მაღალი დონის 9 ნომრის შეძენა სურს, თუმცა ნიგერიელი ამჟამად პსჟ-სთან ბევრად ახლოსაა, ვიდრე „მანკუნიანელებთან“.